Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, როდესაც მოზარდი არ სწავლობს? - ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები

როგორ მოვიქცეთ, როდესაც მოზარდი არ სწავლობს? - ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას უპასუხა და მოზარდის სწავლის პრობლემებთან გამკლავების გზებზე ისაუბრა:

„როგორ მოვიქცეთ, როდესაც მოზარდი არ სწავლობს? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად სვამენ მოზარდის მშობლები. რა ვქნათ? სწავლა ხომ მნიშვნელოვანია? მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს იმასთან მიმართებაში, თუ რა უნარები აქვს მის შვილს, რა გამოსდის კარგად, რა სიამოვნებს. მან უნდა დასვას საკუთარ თავთან შეკითხვა: მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი, წარმატებული და რეალიზებული კონკრეტული მიმართულებით, თუ ის, რომ შესრულდეს გეგმა, რომელიც მან დასახა შვილთან მიმართებაში? ბავშვი არის პიროვნება. ის ვერაფრით ვერ იქნება მშობლის ასლი და მისი მოლოდინების შესატყვისი.

„მე გადავწყვიტე, რომ ასე უნდა იყოს, მუსიკაზე უნდა იაროს, ამდენი უნდა ისწავლოს,“ - აქედან ვერ გამოდიან მშობლები. ზედმეტი ძალისხმევა, თითის ქნევა, ყვირილი, აქცენტების კეთება, ძალადობრივი გამოხტომები არ არის იშვიათი. „რატომ არ სწავლობ? რა ხდება?“- ეს დავა მინიმუმამდე, როგორც კი მშობელი დაალაგებს იმ უნარებს და შესაძლებლობებს, რაც შვილს აქვს, რაც გამოსდის და მოსწონს.

თუ ყველაფერი გავაკეთე და ასპარეზი მომზადებულია იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს, შეკითხვები უნდა დავსვა: რამ გამოიწვია ის, რომ ბავშვი არ სწავლობს? უნდა მახსოვდეს, რომ ეს არის გარდატეხის ასაკი და იქ შეიძლება ბევრი ფაქტორი ცვლიდეს მოცემულობას. ბევრი ფაქტორია საჭირო იმისთვის, რომ მე მივიღო განათლებული, სწავლაზე ორიენტირებული მოზარდი. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა პირობას, რომელსაც მე დავსახავ, ასრულებდეს ჩემი შვილი და მაშინ ვიღებდე მას იდეალურად და წარმატებულად,”- აღნიშნა ნატა მეფარიშვილმა.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

„2020-2021 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 ივნისს დასრულდება,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილმე ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„მოგე​ხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდით გამოცხადდა დასვენების დღეები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს. იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება. იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ​დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს, როგორ უნდა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებიც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ დააორგანიზონ საგაკვეთილო პროცესი, გამოიყენონ რამდენიმე საათი დამატებით, შაბათი დღე. ყველა ეს რეკომენდაცია არის დეტალურად გაწერილი, ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წყარო: გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცა​ძესთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად