Baby Bag

„სამწუხაროდ, საქართველოში აღზრდის საკითხებში მშობელთა განათლება ძალიან დაბალ დონეზეა,“- ფსიქოლოგი თეა კაჭარავა

„სამწუხაროდ, საქართველოში აღზრდის საკითხებში მშობელთა განათლება ძალიან დაბალ დონეზეა,“- ფსიქოლოგი თეა კაჭარავა

ფსიქოლოგმა თეა კაჭარავამ აღზრდის საკითხებში მშობლების განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც დევიაციური ქცევის მოზარდებთან ვმუშაობთ, არის ოჯახის, მშობლების ფაქტორი. როგორ ოჯახში იზრდება? მშობლები ერთად ცხოვრობენ თუ არა? დასაქმებულები არიან თუ არა? მათ შორის როგორი ურთიერთობაა? ფსიქიკურად როგორ მდგომარეობაში არიან მშობლები? თუ რაიმე პრობლემებია ოჯახურ ურთიერთობებში, ეს აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. დევიაციური ქცევა შეიძლება პატარა ასაკიდანვე გაჩნდეს, მაგრამ მოზარდობისას ეს ნიშნები მწვავდება და ქცევის სახით გაქვთ დევიაცია მოცემული, იმიტომ, რომ მოზარდობის ასაკი არის ყველაზე კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში.

როდესაც ბავშვთან მუშაობთ, ყოველთვის ბავშვის მოსაზრებასაც იგებთ და მის პრობლემას მისი თვალით ხედავთ. შემდეგ მშობელსაც ალაპარაკებთ ამაზე. ძალიან ხშირად ორი ხატი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თქვენ ხვდებით, რომ აქ უკვე ხედვებშია განსხვავება. სხვადასხვანაირად ხედავენ რაღაცებს ბავშვები და მშობლები.

სამწუხაროდ, საქართველოში აღზრდის საკითხებში მშობელთა განათლება ძალიან დაბალ დონეზეა. შეიძლება ვიღაცამ თქვას: რაში სჭირდება მშობელს განათლება? რაში მჭირდება მე დედობის სწავლა და მამაკაცს მამობის სწავლა? ეს ხომ ინსტინქტია?! ეს ინსტინქტი იყო ოდესღაც, როდესაც ქალს არ სჭირდებოდა იმის სწავლა, თუ რა არის დედობა. 21-ე საუკუნეში, როდესაც ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ამ გავლენის პირობებში ჩვენ თანდათან ვცილდებით ჩვენს ინსტინქტებს. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დედობა ეს არის სამსახური. ეს არის სამუშაო. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ფაქტორი, შეიძლება იყოს ცხოვრების აზრი, მაგრამ დედობა არ არის რაღაც ისეთი, რაც თავისთავად გამოსდის დღეს ქალს. ამ უნარებს უკვე სჭირდება შეძენა. ისევე, როგორც ყველა სამუშაოში რაღაცას ვსწავლობთ, ასევე უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს, ეფექტიანი მშობლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ბავშვს განვითარებაში. მან თავისი რესურსები უნდა აღმოაჩინოს და თვითონ გადადგას ნაბიჯი განვითარებისკენ,"- აღნიშნა თეა კაჭარავამ.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაუთავებელი ტკივილი გულის არეში, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილი, ნაწლავების აშლილობა,“ - გოგიტა გეგელაშვილი შფოთვითი აშლილობის სიმპტომების შესახებ

„გაუთავებელი ტკივილი გულის არეში, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილი, ნაწლავების აშლილობა,“ - გოგიტა გეგელაშვილი შფოთვითი აშლილობის სიმპტომების შესახებ

ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა შფოთვითი აშლილობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პაციენტებს ხშირად აქვთ სომატური დაავადებების სიმპტომები:

​შფოთვითი აშლილობის დროს დამახასიათებელია რომელიმე დაავადების ნიღბით წარმოდგენა. ძალიან ხშირად უჩივიან ხოლმე გაუთავებლად გულის არეში ტკივილს, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილს, ნაწლავების აშლილობას. ამას შინაგანი ორგანოების შფოთვასაც კი ეძახიან ხოლმე. შესაძლოა, იყოს აზრობრივი შფოთვა ან სომატური დაავადებების სიმპტომები იყოს წარმოდგენილი.“

გოგიტა გეგელაშვილის თქმით, გამოცდილი ექიმი გრძნობს, რომ სომატური დაავადების სიმპტომების მიღმა შფოთვითი აშლილობა დგას:

„გამოცდილი ექიმი ამას მაშინვე გრძნობს. სიმპტომები არის ბევრი და ობიექტური საყრდენი პარამეტრები არის ძალიან მცირე. ზუსტად ამ შეუსაბამობაზეა აგებული ექიმის ლოგიკა, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს საქმე ნამდვილ ავადმყოფობასთან და შენიღბულ ავადმყოფობასთანაც. ხშირად მოულოდნელი ხდება ხოლმე ექიმის ვერდიქტი, როდესაც ის პაციენტს უნიშნავს ანტიდეპრესანტს.“

​არ მოსწონთ პაციენტებს აღიარება, რომ მათ სჭირდებათ ანტიდეპრესანტი. ადამიანს ყოველთვის ესმის ფრაზა: „შენ ეს გეჩვენება.“ „გეჩვენებას“ როდესაც ემატება ანტიდეპრესანტი, პაციენტს ეს არ მოსწონს. აქ საჭიროა ექიმების დიდი რუდუნება, პაციენტის მუხლებში ჩავარდნა, დაყოლიება, დარწმუნება. შფოთვას ყველაზე კარგად ხსნის ანტიდეპრესანტი, მაგრამ მისი ეფექტი გვიან იწყება,“ - აღნიშნულ საკითხებზე გოგიტა გეგელაშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად