Baby Bag

რა არის მთავარი თვისება, რომელიც ყველა ლიდერ ბავშვს აუცილებლად აქვს? - ფსიქოლოგი თიკა წერეთელი

რა არის მთავარი თვისება, რომელიც ყველა ლიდერ ბავშვს აუცილებლად აქვს? - ფსიქოლოგი თიკა წერეთელი

ფსიქოლოგმა და ტელეწამყვანმა თიკა წერეთელმა ლიდერი ბავშვისთვის დამახასიათებელ თვისებებზე ისაუბრა:

„ხშირად ამბობენ, რომ ლიდერად უნდა დაიბადო. პრაქტიკა იმასაც გვიჩვენებს, რომ ლიდერის თვისებები შეიძლება გამოვიმუშავოთ. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს აქვს ამის სურვილი და არა მშობელს. ხშირად ისეც ხდება, რომ მშობელს აქვს ამის სურვილი და ამ შემთხვევაში დიდ შედეგზე ნამდვილად ვერ გავალთ. ზოგიერთი ბავშვი მართლაც გამოკვეთილი ლიდერია დაბადებიდანვე. ის არ ემორჩილება არავის წესებს და იქით ცდილობს სხვების დამორჩილებას. ეს ბავშვები არიან ისეთები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა უნდათ. ამიტომაც ცდილობენ ისინი სხვების დამორჩილებას.

ფსიქოლოგებში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომელსაც პრაქტიკაც ადასტურებს, სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ ლიდერ ბავშვებს. არ არის აუცილებელი ლიდერი ბავშვი მაინცდამაინც ცელქი იყოს. შეიძლება ძალიან დინჯი და მორიდებული ბავშვი შემდეგ ლიდერი აღმოჩნდეს. ერთადერთი მთავარი თვისება, რომელიც მათ ყველას აერთიანებს, ეს არის შინაგანი ენერგია, რომელიც ლიდერ ბავშვს მოსვენებას არ აძლევს. ეს არის ის, რაც შემდეგ იწვევს ლიდერობას.

ბუნებრივია, აქაც მშობელი, აღმზრდელი და პედაგოგი არის მთავარი მოქმედი გმირი. მშობლებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წინსვლაში შევუწყოთ ხელი ან პირიქით უკან დავხიოთ, თუ მის ლიდერულ თვისებებს ჩავახშობთ. რა უშლის ხელს ბავშვს, რომ იყოს ლიდერი? მას არ ვაძლევთ დაცემისა და შეცდომის დაშვების საშუალებას, ძალიან სწრაფად მივდივართ საშველად, არ ვუზიარებთ შეცდომებს ჩვენი წარსულიდან, თვითონ არ ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვს ვასწავლით. ძალიან ხშირად ვდემაგოგობთ, მორალისტები ვართ და ეს არ მოსწონთ ბავშვებს.

რა უწყობს ბავშვს ხელს ლიდერის თვისებების განვითარებაში? მიეცით მას კარგი მაგალითი, ჩართეთ გუნდურ აქტივობებში, წაახალისეთ მოთმინების უნარი, განუვითარეთ მოლაპარაკების უნარი, განუვითარეთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, მიეცით თავდაჯერებულობა, წაახალისეთ მისი სამუშაო, არ ჩაეჭრათ საქმის კეთებისას, გაუშვით ბანაკში, შექმენით მიზნების დაფა, მიეცით შეცდომების დაშვების უფლება, წაახალისეთ მისი ოპტიმისტური ფიქრები და მიზნები,”-აღნიშნულ საკითხზე თიკა წერეთელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიკროპლასტიკით ორგანიზმის დაბინძურება ბავშვთა ასაკში სიმსივნური დაავადებების განვითარებისა და ზრდაში ჩამორჩენის მაპროვოცირებელი ფაქტორია,“ - ლაშა უჩავა

„მიკროპლასტიკით ორგანიზმის დაბინძურება ბავშვთა ასაკში სიმსივნური დაავადებების განვითარებისა და ზრდაში ჩამორჩენის მაპროვოცირებელი ფაქტორია,“ - ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ მიკროპლასტმასის ნაწილაკებით ადამიანის ორგანიზმის დაბინძურების საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნაწილაკები გვხვდება ჰაერში, საკვებ პროდუქტებსა და წყალში:

​მიკროპლასტიკის ნაწილაკები, რომელიც საბოლოოდ ხვდება ჩვენს ორგანიზმში და აზიანებს ჩვენს უჯრედებს, არის ჩვენს გარემოშიც, წყალშიც, ნიადაგშიც, ჰაერშიც, საკვებ პროდუქტებშიც, მათ შორის, ხილსა და ბოსტნეულშიც. აქედან ხდება ამ ნაწილაკების ორგანიზმში შესვლა და ორგანიზმის დაბინძურება.“

„ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთოდ აკრძალეს პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ისეთი მძიმე დაავადებების განვითარებისთვის, როგორიც არის ბ​ავშვთა ასაკში სხვადასხვა სიმსივნური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰორმონალური ტიპის დარღვევები, ზრდაში ჩამორჩენა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ა.შ.“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ჩვილ ბავშვებში მიკროპლასტიკის ნაწილაკების შემცველობა ზრდასრულებთან შედარებით 15-ჯერ უფრო მაღალია. აღნიშნულმა ფაქტმა მეცნიერების შეშფოთება გამოიწვია. ცნობილია, რომ მიკროპლასტიკის ნაწილაკებს უჯრედული მემბრანის გარღვევა და სისხლის მიმოქცევაში გადასვლის უნარი აქვთ.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად