Baby Bag

„სასურველია, რომ ამ აპლიკაციას ყველა მშობელი იყენებდეს,“- ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი

„სასურველია, რომ ამ აპლიკაციას ყველა მშობელი იყენებდეს,“- ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ინტერნეტსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობელმა შვილი ამ საფრთხეებისგან უნდა დაიცვას:

„გავლენა, რაც არის ინტერნეტსივრცეში ნამდვილად სახიფათოა. სასურველია, რომ მშობელმა არ დაკარგოს კონტაქტი ბავშვთან. ეს არის მასთან ერთად ყოფნა. რა გარემოშია ბავშვი? რა ინტერესი აქვს? ვინ არიან მისი მეგობრები? ინტერნეტში დიდ დროს თუ ატარებს, რით არის დაკავებული? ვისთან აქვს მას კომუნიკაცია? თუ ჰყავს ინტერნეტ მეგობრები? როგორი ურთიერთობა აქვთ მათ?

ძალიან კარგი აპლიკაციაა „უსაფრთხო მშობელი,“ რომელსაც სასურველია, რომ ყველა მშობელი იყენებდეს. ეს გარკვეული კონტროლის საშუალებას იძლევა, თუ რა საიტებს, რა ვებ-გვერდს სტუმრობს ბავშვი, რა ხანგრძლივობით? თუ არის მის პირად შეტყობინებაში რაიმე უხამსი? ან ფოტო, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს არის ხელმისაწვდომი მშობლისთვის. მცირე ასაკიდანვე არის ეს შესაძლებელი. გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ამ ტიპის ურთიერთობა რთული დასამყარებელია, თუმცა მცირე ასაკში ეს მისაღებია. ცხადია, ეს უნდა მოხდეს თანამშრომლობითი დამოკიდებულებით. ამით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ბევრი უსიამოვნებისგან შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი შვილი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ხდები დედა, უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს აღზრდასთან დაკავშირებით,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„როდესაც ხდები დედა, უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს აღზრდასთან დაკავშირებით,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ბავშვთან ურთიერთობისას მშობლის სწორი მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი მშობლისგან ინფორმაციას მარტივად ისრუტავს:

„დააკვირდით ბავშვებს, როდესაც სტუმარი მოგივათ სახლში შვილებთან ერთად. ბავშვები ცალკე თამაშობენ, მშობლები აქეთ სხედან და რაღაც თემებს არჩევენ. შემდეგ ბავშვი გეკითხება, ამაზე რატომ ლაპარაკობდი იქ?! შენ გგონია, რომ ბავშვები იქით თამაშობენ, თქვენ ყურადღებას არ გაქცევენ. ამ დროს მთელი მათი ყურადღება თქვენკენ იყო მომართული, რომ ეს თქვენი საუბარი დაემახსოვრებინა ბავშვს.​ ძალიან ისრუტავს ბავშვი ამას. თამაშით ამ ყველაფერს კიდევ უფრო მარტივად აკეთებს.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, ბავშვი ყველაზე თავისუფალია და მას ვერ შევზღუდავთ:

„ბავშვი თავისუფალია, ის შეზღუდული არ არის. ​ბავშვი ყველაზე თავისუფალია. ბავშვს ვერაფრით ვერ შეზღუდავ. ადამიანების, რომლებიც უკვე დიდები ვართ, შეზღუდვა კიდევ შეიძლება. ჩვენ საკუთარი თავი მონობას მივაჩვიეთ. ძალიან ბევრი რამ გვზღუდავს: შეხედულებები, აზრები, ფიქრები. უამრავი რამ ზღუდავს ჩვენს გარეგნულ საქციელს. რაც გვინდა რომ ვაკეთოთ, ზოგჯერ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ რაღაც-რაღაცებით შეზღუდულები ვართ. ბავშვებს შეზღუდვა არ აქვთ. ბავშვს შეუძლია გაშიშვლდეს კიდეც და ისე გაიაროს, იმიტომ, რომ მას სრული შინაგანი თავისუფლება აქვს.“

„ბავშვს არ აინტერესებს შენ რას ფიქრობ მასზე. ის იმას აკეთებს, რაც უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ეს თავისუფლება არ შეეზღუდოს. თან ამ არშეზღუდვაში ნელ-ნელა ასწავლო მას საკუთარი თავის ფლობაც. სადღაც რაღაცაზე უარის თქმაც უნდა ასწავლო ბავშვს. შენ ბავშვს უნდა დაეხმარო, უნდა გაზარდო ბავშვი ამ ყველაფერში. სწორ მიდგომაზე კარგი არაფერი არ არის. როდესაც ხდები დედა, უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს აღზრდასთან დაკავშირებით. უამრავი ლიტერატურა არსებობს თუნდაც ქრისტიანული, სადაც ბავშვების აღზრდაზეა საუბარი. ა​რის იოანე ოქროპირის „ბავშვთა აღზრდის შესახებ.“ ეს საოცარი სწავლებაა,“ - აღნიშნულ საკითებზე დეკანოზმა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად