Baby Bag

„სასურველია, რომ ამ აპლიკაციას ყველა მშობელი იყენებდეს,“- ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი

„სასურველია, რომ ამ აპლიკაციას ყველა მშობელი იყენებდეს,“- ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ინტერნეტსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობელმა შვილი ამ საფრთხეებისგან უნდა დაიცვას:

„გავლენა, რაც არის ინტერნეტსივრცეში ნამდვილად სახიფათოა. სასურველია, რომ მშობელმა არ დაკარგოს კონტაქტი ბავშვთან. ეს არის მასთან ერთად ყოფნა. რა გარემოშია ბავშვი? რა ინტერესი აქვს? ვინ არიან მისი მეგობრები? ინტერნეტში დიდ დროს თუ ატარებს, რით არის დაკავებული? ვისთან აქვს მას კომუნიკაცია? თუ ჰყავს ინტერნეტ მეგობრები? როგორი ურთიერთობა აქვთ მათ?

ძალიან კარგი აპლიკაციაა „უსაფრთხო მშობელი,“ რომელსაც სასურველია, რომ ყველა მშობელი იყენებდეს. ეს გარკვეული კონტროლის საშუალებას იძლევა, თუ რა საიტებს, რა ვებ-გვერდს სტუმრობს ბავშვი, რა ხანგრძლივობით? თუ არის მის პირად შეტყობინებაში რაიმე უხამსი? ან ფოტო, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს არის ხელმისაწვდომი მშობლისთვის. მცირე ასაკიდანვე არის ეს შესაძლებელი. გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ამ ტიპის ურთიერთობა რთული დასამყარებელია, თუმცა მცირე ასაკში ეს მისაღებია. ცხადია, ეს უნდა მოხდეს თანამშრომლობითი დამოკიდებულებით. ამით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ბევრი უსიამოვნებისგან შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი შვილი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანები ტერორში აღარ უნდა ვამყოფოთ, მათ უნდა ავუხსნათ, რა საფრთხეს შეიცავს ვირუსი სინამდვილეში,“ - ბრიტანელი პროფესორის რეკომენდაციები

„ადამიანები ტერორში აღარ უნდა ვამყოფოთ, მათ უნდა ავუხსნათ, რა საფრთხეს შეიცავს  ვირუსი სინამდვილეში,“ - ბრიტანელი პროფესორის რეკომენდაციები

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის კარლ ჰენეგანის მტკიცებით, კორონავირუსი ისეთი მომაკვდინებელი არ არის, როგორც ეს ადრე ეგონათ. მისი თქმით, ადამიანები რისკს მეტისმეტად ჭარბად აფასებენ, რის გამოც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფერხდებიან. კარლ ჰენეგანი აღნიშნავს, რომ კარანტინის რეჟიმში ადამიანების ცხოვრება გაუმართლებელია. ისინი სახლში არიან გამოკეტილები, რის გამოც რისკ-ჯგუფებში მყოფ ოჯახის წევრებსაც აინფიცირებენ. 

პროფესორ კარლ ჰენეგანის ნაშრომზე დაყრდნობით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 2-3 %-იდან 0,3 %-მდე შემცირდა. პროფესორი ამტკიცებდა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილად არ უნდა ჩაითვალოს ადამიანი, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება აწუხებდა. გაერთიანებულ სამეფოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვის შემცირება პროფესორის თქმით, კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის რეჟიმი აღარ მოქმედებს.

ექიმებმა კორონავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდები შეიმუშავეს, ტესტირების რიცხვიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მძიმე და მსუბუქი პაციენტების ერთმანეთისგან გამოყოფა გამარტივდა, ვირუსი უმეტესად ახალგაზრდა ადამიანებს ემართებათ.

კარლ ჰენეგანი აცხადებს, რომ ვირუსისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს:

„ვირუსის რისკებთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებები უნდა შევცვალოთ. ადამიანები მეტისმეტად პანიკურ მდგომარეობაში არიან, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. მედიკოსებმა ადამიანებს რისკების შესახებ სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ადამიანებს შიშის გამო ყოველდღიური აქტივობებით დაკავების ეშინიათ. პანიკა აზარალებს სკოლებს და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს. ყველა შფოთავს და ღელავს. ვირუსი ისეთი მომაკვდინებელი არ არის, როგორც გვეგონა. მიუხედავად კარანტინის მოხსნისა და ლოკალურ სივრცეებში შემთხვევების ზრდისა, კრიტიკული პაციენტების რიცხვი საგრძნობლად არ იზრდება. კარანტინის რეჟიმი ძალიან საზიანოა. კარანტინი ზრდის სიკვდილიანობის მაჩვენებელს, თუმცა არა კოვიდის გამო. ადამიანები სხვა მიზეზებით იღუპებიან. ჩვენი გადაწყვეტილებები კვლევებს უნდა ემყარებოდეს. შემთხვევების ზრდა არ გულისხმობს, რომ ინფექციაზე კონტროლს ვკარგავთ, რადგან დაავადებულთა უმრავლესობა ვირუსს მარტივად იტანს.“

პროფესორის თქმით, ადამიანები პანიკისგან უნდა გათავისუფლდნენ:

„ბიზნესის დატერორება იმის გამო, რომ შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, სწორად არ მიმაჩნია. კორონავირუსი რესპირატორულ პათოგენად უნდა ჩავთვალოთ, რომელიც პრობლემებს იწვევს, ისევე როგორც ნებისმიერი მსგავსი ინფექცია. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, თუ რა რისკები აქვთ მათ რეალურად. როდესაც ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა რისკების წინაშე დადგება ხალხი, თუ ბავშვებს სახლში გამოვკეტავთ. კარანტინის რეჟიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ავამოქმედოთ, თუ დავინახავთ, რომ ვირუსის გამო ადამიანებს მაღალი რისკი ექმნებათ. მოწოდებამ „დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე“ ადამიანები პანიკაში ჩააგდო, მათი შიში იმდენად გაიზარდა, რომ ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ მითითებებს. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ გარეთ გასვლა სახიფათო არ არის.“

„ადამიანები ტერორში აღარ უნდა ვამყოფოთ. მათ უნდა ავუხსნათ, როგორ ვმკურნალობთ ვირუსს, რა საფრთხეს შეიცავს ის სინამდვილეში და რა ვიცით მის შესახებ,“ - აცხადებს კარლ ჰენეგანი.

მომზადებულია ​express.co.uk– ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად