Baby Bag

„როდესაც ვწუწუნებ, ველს, რომელშიც ვიმყოფები განვაწყობ ნეგატიურად, მეტად ვიზიდავ დაავადებებს,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„როდესაც ვწუწუნებ, ველს, რომელშიც ვიმყოფები განვაწყობ ნეგატიურად, მეტად ვიზიდავ დაავადებებს,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ადამიანის ცხოვრებაში განწყობისა და მოლოდინების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წუწუნი ადამიანს ძალიან აზიანებს:

„როდესაც მე ძლიერი სურვილი მაქვს, ვიყო ცუდად, როდესაც ძლიერი საჭიროება მაქვს, არ ვიყო კარგად, ამ შემთხვევაში ნებისმიერი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ადამიანმა საკუთარი თავის მისამართით. ყველაზე მცირე შეგვიძლია ვისაუბროთ შაკიკზე, პანიკურ შეტევებზე, რაც ყოველდღიურია თითქმის ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდია მომართვიანობა ამ მხრივ. ჩვენ ისევ ვსაუბრობთ პირად პასუხისმგებლობაზე. სად ვარ? რა მინდა? მინდა ვიყო კარგად, თუ მინდა უბრალოდ მომიარონ, ვიწუწუნო.

როდესაც ვწუწუნებ, ხშირ შემთხვევაში ველს, რომელშიც ვიმყოფები მე თვითონ განვაწყობ ნეგატიურად. რამდენადაც ჩემი ველი ნეგატიურია, მით უფრო მეტად ვიზიდავ დაავადებებს, ასევე სხვადასხვა ჩივილებს. რა თქმა უნდა, არსებობს პლაცებოს ეფექტი. საჭიროების შემთხვევაში ადამიანი თვითონ განიცდის ამ ეფექტს. ხშირად ადამიანი თვითონ შთააგონებს საკუთარ თავს, რომ რიგ მედიკამენტს თუ მივიღებ, გავხდები კარგად, თუ მივალ სპეციალისტთან, გავხდები კარგად. ჩვენ თვითონ ვანიჭებთ ადამიანებს, მედიკამენტებს და გარემოებებს იმ ღირებულებებს, რომელიც შემდგომ მხსნელად და გადამრჩენელად გვევლინება. რა თქმა უნდა, მუშაობს პლაცებოს ეფექტი, მაგრამ ეს დროებითია. თუ სიღრმეში არ ჩავედით, საიდან დაიწყო პრობლემა, ეს დროებითია.

ძლიერი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახის როლი უდიდესია. გენეტიკური ფაქტორი არსებობს. თუ მე მყავს ჩემს გენეტიკურ წარმომავლობაში ძლიერი ფსიქიკის ადამიანები, შანსი იმისა, რომ მეც ვიყო საკმაოდ ძლიერი, არის მაღალი, მაგრამ თუ გარემომ არ შემიწყო ხელი, არანაირი რესურსი ადამიანში თავისთავად არ განვითარდება,“- აღნიშნა ნინო კერესელიძემ.

წყარო:​ „განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბებიებსა და ბაბუებს ურჩია, რომ შვილიშველბს შენიშვნები არ მისცენ და მათში კარგის დანახვაზე იყვნენ ორიენტირებულები. შალვა ამონაშვილის თქმით, ასეთ დროს ბავშვს გულში მაინც აწუხებს ის, რომ ის დაჩაგრეს და მას უსაყვედურეს:

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს. ვინც შენიშვნას აძლევს შვილიშვილს, თვითონ არის შენიშვნის ღირსი, რომ რატომ აკეთებ ამასო. ბავშვი რაც გამოსდის, იმას აკეთებს. ჩვენ დადებითი ვეძებოთ ბავშვში. იცელქა, რაღაც გაუტყდა, ფეხი წამოკრა, „აი, ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე,“ - თავს გამოიჩენს ბებია და ბაბუა.“

​არ უნდა ეს გაფრთხილებები. ბავშვი არ ფრთხილდება ასეთი შენიშვნებით. ბავშვს გულში რაღაც აწუხებს, ეთანაღრება, რომ შენიშვნებით დამჩაგრესო. არ სჯობს, ერთმანეთს ვუყუროთ სიკეთით. სიკეთე და სილამაზე დავინახოთ და იმას დავემყაროთ. შენიშვნებს რა გამოლევს ჩვენს ცხოვრებაში. იმას თუ გამოვეკიდეთ, წარსულში დავრჩებით, მატარებელი კი წინ მიდის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად