Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„კედელი ჩამომეშალა, ნულიდან ვიწყებ ყველაფერს...“ - მაია ჯორჯაძე გიო ხუციშვილის გარეშე გატარებულ 2 წელზე

გიო ხუციშვილის მეუღლემ თოქ-შოუ „პროფილში“ იმ რთულ ეტაპზე ისაუბრა, რომელიც მის ცხოვრებაში მომღერლის გარდაცვალების შემდეგ დადგა. მაია ჯორჯაძის თქმით, მეუღლე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო:

„გიო ყველაფერი იყო, მართლა დიდი იყო, დიდი პიროვნება იყო, იმედი იყო, იმედი იყო ჩემიც, ირგვლივ ყველასი. რაღაცნაირად კედელი ჩამომეშალა, ნულიდან ვიწყებ ყველაფერს. მე არაფერი ვიცოდი, არ ვიცოდი ცხოვრების ელემენტარული დეტალები.“

ცოლ-ქმრის განსაკუთრებულ ურთიერთობას მათი ვაჟი, ზუკა ხუციშვილიც იხსენებს: „ყოველთვის დედაჩემი ედგა გვერდით. ერთად გაკვალეს ის გზა, რაც ჰქონდათ. ყოველთვის ერთმანეთს ეხმარებოდნენ. არავის ზედმეტი დახმარება არც დასჭირვებიათ არასდროს. მახსოვს, როდესაც უჭირდა და დახმარება მინდოდა, ნაზად გამწევდა ხოლმე და თვითონ გაივლიდა. მხოლოდ დედაჩემს იღებდა ყოველთვის. როდესაც დახმარება სჭირდებოდა, ყოველთვის ეძახდა მაიას. მაიას და გიოს ურთიერთობაში იმხელა სიძლიერე, იმხელა სიყვარული და ურთიერთობა იყო, რომ მეტი არავინ სჭირდებოდათ ნამდვილად.“

მაია ჯორჯაძე იხსენებს, რომ მეუღლის ავადმყოფობასთან შეგუება გაუჭირდა და მის მძიმე მდგომარეობას არ აღიარებდა: „ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მე არ ვიჯერებდი. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ამ წუთას გვერდით მიზის, ერთ თვეში აღარ იყოს. ეს წარმოუდგენელი იყო. მეჩხუბებოდნენ, როგორ ვერ ხვდები რა სჭირსო. არ ვიცი რა დამემართა.“

„ჩვენ დიდი სამეგობრო წრე გვყავს, როგორც ჩემი, ისე გიოსი. ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით. ძალიან მომეხმარა ის, რომ გიო არ არის, მაგრამ დანარჩენები ისევ ისე ვართ.“ - აღნიშნა მაია ჯორჯაძემ.

წაიკითხეთ სრულად