Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამ წლამდე ბავშვს არ ესმის აკრძალვა, პირიქით, ამ დროს ნეგატივიზმი აქვს და უკუღმა აკეთებს ყველაფერს,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის აღზრდის ეფექტიანი მეთოდებისა და მიდგომების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამ წლამდე ასაკის ბავშვს აკრძალვა არ ესმის:

„სამ წლამდე ბავშვს არ ესმის აკრძალვა, პირიქით, ამ დროს ნეგატივიზმი აქვს და უკუღმა აკეთებს ყველაფერს. ჩვენს არაცნობიერს „არ“ არ ესმის. „არ“ ესმის უკუღმა. ეს პირდაპირ ეგზავნება ადამიანს, მის არაცნობიერს, რომ ეს გააკეთოს. ბავშვს უნდა ველაპარაკოთ პოზიტიური წინადადებებით. როდესაც ბავშვი, ჩვენი აზრით, უწესოდ იქცევა, მას მივაქციოთ ყურადღება. მისი ქცევა იმ მომენტში დავაიგნოროთ,​ გადავრთოთ რამე სხვა ქცევაზე. სანამ ბავშვს აქვს უნარი, რომ გაიგოს, მანამდე მასთან შესვლა პოლემიკაში ძალიან წამგებიანია. არაფერი არ ესმის, შენც გაღიზიანდები, ისიც გაღიზიანდება. ბავშვი შეიძლება ჩავარდეს ისტერიკაში. როგორ გავუმკლავდეთ მას? ქცევის იგნორით და დაბალი ხმით.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ბავშვს ყვირილის დროს არაფერი ესმის , რადგან ძალიან დასტრესილია:

„ბავშვს ძალიან ძაბავს, როდესაც დაბალ ხმაზე ელაპაკარები, თუ მოლოდინი აქვს სხვა. მან იცის, რომ ცუდად მოიქცა. ყვირილის დროს ბავშვი ისე ისტრესება, რომ არაფერი არ ესმის. როდესაც ბავშვს მიუახლოვდები, თვალი თვალთან უნდა გქონდეს. ზემოდან, ვერტიკალზე ურთიერთობა არ შეიძლება. ან ჩვენც იატაკზე უნდა დავსხდეთ, ან ავწიოთ ბავშვი. თვალის კონტაქტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ​რაც უფრო დაუწევ ხმას და მშვიდად დაელაპარაკები, მით უფრო თავის მნიშვნელოვნებას გრძნობს. ფიქრობს: „მე პატივს მცემენ, მესაუბრებიან.“ თუ ყურში ვეტყვი რაღაცას, ფიქრობს: „მე საიდუმლოს მანდობენ.“ ეს ძალიან მოსწონთ ბავშვებს.“

მარინა კაჭარავას თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ბავშვთან პოლემიკაში შესვლა რეკომენდებული არ არის:

„შეიძლება ზამთარია, ბავშვმა მოინდომა მაისურით და ტრუსებით ეზოში ჩასვლა. აქ თუ პოლემიკაში შეჰყვები: „გაცივდები, არ გაცივდები,“ აუცილებლად ბეჭზე დაგდებს, მოგიშლის ნერვებს, ​შეიძლება უყვირო ან რაღაც მსგავსი. არა, არ განიხილავ ამას. პირდაპირ ეუბნები: „ეზოში ჩასვლა თუ გინდა, ამას ჩაიცვამ თუ ამას?“ ორივე მე უნდა მაწყობდეს. არ განვიხილავ მის იმ მდგომარეობაში ჩასვლას. როდესღაც მას ეს მობეზრდება. თუ უნდა ეზოში ჩასვლა, კმაყოფილი დარჩება, რომ არჩევანის საშუალება მიეცა.“

„ეს მშობლის დიდი ტრაგედიაა. ადამიანი, რომელიც ხელს აწევს უსუსურზე, თავისზე ბევრად პატარაზე, ბევრად სუსტზე, ე.ი. რა დღეშია მისი ფსიქიკა. ძალიან ბევრ მშობელს მერე დანაშაულის განცდა აქვს. ამით არავინ ტრაბახობს: „რა კარგია, ვცემე.“ პირიქით, მერე განიცდის, შეიძლება იტიროს კიდეც. ამით არაფერი აღარ სწორდება. მე მას დავასწავლე აგრესიული პასუხი. დღეს სამყაროში ამდენი აგრესიაა ისედაც. სახლში ლაღად გაზრდილი ადამიანი ბევრად უფრო ადვილად უმკლავდება გარე პრობლემებს, ვიდრე ის, ვისაც ჩაგრავენ. ​იარლიყი არაფრით არ შეიძლება. რასაც ვაბრალებთ, იმას შეგვისრულებს მერე ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად