Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი ორგანიზმისთვის აერობული დატვირთვაა. როდესაც იცინით გული ძალიან სწრაფად გიცემთ, რის გამოც ორგანიზმს სისხლის დიდი ნაკადი მიეწოდება. სიცილის დროს მკერდი მაღლა იწევა და კვლავ დაბლა ჩამოდის, რის გამოც მუცლის კუნთები ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რაც აღნიშნულ ზონაში ცხიმის წვას უწყობს ხელს.

სიცილი ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც, რადგან როდესაც იცინით ზედაპირული კუნთებიც იტვირთება. სიცილის დახმარებით სახის კანი იჭიმება და ახალგაზრდულ ელფერს იძენს. სიცილი ძალიან კარგია იმუნური სისტემის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის. მისი დახმარებით ორგანიზმი ეფექტიანად უმკლავდება ვირუსებსა და ინფექციებს.

ნუტრიციოლოგები არ გაიძულებენ, რომ მთელი დღის მანძილზე კომედიური ჟანრის ფილმებს უყუროთ, თუმცა გარწმუნებენ, რომ სიცილის დახმარებით დღის განმავლობაში მიღებული ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლება ნამდვილად შეგიძლიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იცინით კვებისგან თავი შეიკავოთ. თუ კომედიების ყურების დროს ჩიფსებს მიირთმევთ, სიცილი კალორიების დაწვაში ნამდვილად ვეღარ დაგეხმარებათ.

კვლევებით დგინდება, რომ ერთი საათის მანძილზე სიცილს 100 კალორიის დაწვა შეუძლია, რაც შოკოლადის პატარა ბატონის მირთმევით მიღებული კალორიების ტოლფასია. 100 კალორიის დაწვისთვის თქვენ 30 წუთის მანძილზე წონებით ვარჯიში ან 45 წუთის მანძილზე მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება დაგჭირდებათ.

მომზადებულია ​telegraph.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად