Baby Bag

რატომ არის მნიშვნელოვანი თვითთანაგრძნობა? - ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რეკომენდაციები

რატომ არის მნიშვნელოვანი თვითთანაგრძნობა? - ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რეკომენდაციები

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა თვითთანაგრძნობისა და საკუთარი თავის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენ შვილებს ვასწავლით, რომ შენ ამას კარგად უნდა მოექცე, რატომ ჩაარტყი? ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ მე რომ რაღაც შემეშლება, როგორც დედას, ვიწყებ: „რა საშინელი დედა ვარ, რა სირცხვილია.“ გამოჩენა აღარ მინდა ამ დროს. ორმაგი სტანდარტია გაუცნობიერებლად. როდესაც გავაცნობიერებ, რომ თურმე ჩემს თავს არ ვექცევი სიკეთით, ჩემს შეცდომებს განვსჯი და არ ვპატიობ, მერე ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ ეს. შვილსაც არ აძლევ ამით მაგალითს. ის ხვდება, რომ გარეთ არის ფოკუსი მხოლოდ და ამ დროს ჩემს თავს ვაზიანებ. ეს ალოგიკურია.“

„თვითთანაგრძნობის მიზანი არ არის, რომ გახდე კარგად. ესეც ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგები იმ რეალობას, რაშიც ხარ. თვითთანაგრძნობა ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვუთანაგრძნობ, რადგან რთულია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. შენი თავი არ გეცოდება. შეცოდება არის, რომ მე ზემოდან ვუყურებ, თითქოს იმ ადამიანს სჭირს რაღაც მხოლოდ. თვითთანაგრძნობას როდესაც სწავლობ, იაზრებ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს რთული სიტუაციები, ყველა შეიძლება ერთ დღეს ქუჩაში აღმოვჩნდეთ. ჩემი თავის შეცოდება არის: „რა საცოდავი ვარ.“ მარტო არ ხარ. ჩვენ ამით ვერთიანდებით. ეს ცოტათი შვებაა. შეიძლება ადამიანმა თქვას, მე სულ არ მახალისებს ის, რომ სხვა არის ცუდად. ეს სულ არ ნიშნავს, რომ ეს მე მიხარია. ეს სიბრძნეა. შენ უბრალოდ რეალობას ამბობ, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში, რომ ყველას განუცდია ეს ტკივილი. საღი აზრის საკუთარი თავისთვის თქმა გეხმარება,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ამოცალოს თავისი ენერგიები,“- შალვა ამონაშვილი

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ამოცალოს თავისი ენერგიები,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის განვითარებაზე სოფელში დასვენების ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სოფელი სხვა გასაქანს ქმნის ბავშვის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის:

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგიები. მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს. ეს უნდა როგორც ორი წლის, ხუთი წლის ბავშვს, ასევე მოზარდსაც, რომელსაც 15-17 წელი შეუსრულდა. მას სადღაც განმარტოვება უნდა, ბუნებაში უნდა, რომ არავინ არ იყოს მის ირგვლივ. წინანდლის ბაღში უნდა დაკარგვა ბავშვს. ეს პირობები უნდა შევუქმნათ ბავშვებს.“

„სოფელი არის სილაღე. რა სივრცესაც ვუყურებ, ის ცნობიერება მიყალიბდება. მთებს ვუყურებ? მწვერვალებზე ასვლა მინდა. ხეებს ვუყურებ? იქ მინდა მოვექცე მაღლა. ყვავილებს ვუყურებ? დაკრეფა მინდა და ვიღაცას მინდა მივართვა. სოფელი სხვა გასაქანს ქმნის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. თუ სოფელში კეთილი ბებია ჰყავს ბავშვს, რომელმაც ლოცვები იცის და შეულოცავს შვილსა და შვილიშვილს საღამოობით, თუ პაპა ჰყავს ბრძენი, რომელიც გლეხურ სიტყვას ეტყვის და ბავშვს ეს სიბრძნე გაჰყვება თან, მე ვერ გეტყვით, ეს რანაირი აღზრდის მარაგია ბავშვისთვის,“- აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ ტელეკომპანია „ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად