Baby Bag

„ზეიმები ხშირად ფავორიტიზმში გადადის... ერთი და იგივე ბავშვი არის ფიფქიას როლში და სხვები იჩაგრებიან,“ - ადრეული განვითარების სპეციალისტი ცირა ბარქაია

„ზეიმები ხშირად ფავორიტიზმში გადადის... ერთი და იგივე ბავშვი არის ფიფქიას როლში და სხვები იჩაგრებიან,“ - ადრეული განვითარების სპეციალისტი ცირა ბარქაია

ინკლუზიის და ადრეული განვითარების სპეციალისტმა ცირა ბარქაიამ საბავშვო ბაღისა და სკოლის ზეიმებში ბავშვების მონაწილეობისას გამოვლენილი პრობლემების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის ინტერესები, საჭიროებები და შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

„მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იყოს ბავშვის ინტერესი, ბავშვის საჭიროებები და შესაძლებლობები. თუ მას უნდა, თუ შეუძლია და რა როლი აინტერესებს ან საერთოდ აინტერესებს თუ არა ამ ყველაფერში მონაწილეობა. როდესაც რაღაც სიახლე გვინდა გავაცნოთ ბავშვს, ახალ გამოცდილებას გვინდა ვაზიაროთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წახალისება. ამ პროცესში უნდა ვიყოთ მხარდამჭერები. არიან ბავშვები, რომლებიც შედიან პირდაპირ ამ პროცესში, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც მეტი დრო და მხარდაჭერა სჭირდებათ. შეიძლება იფიქრონ, თუ ასე არასდროს წავახალისეთ ბავშვი და არ მივეცი შესაძლებლობა, შეიძლება ვერც აღმოაჩინოს, რომ არ უნდა, არ შეუძლია. იტყვიან, რომ რაღაცები ხომ უნდა ისწავლოს ბავშვმა?! რა თქმა უნდა! საბოლოო ჯამში ფორმასთან მივდივართ, თუ როგორ ვასწავლით. ალბათ, ბევრს გაქვთ გამოცდილი, როგორ ასწავლიდნენ ჩვენს ბავშვობაში ცურვას ბავშვებს. გადააგდებდნენ წყალში და თავად უნდა გამოეცურა. ეს ითვლებოდა სწავლების სტრატეგიად. სინამდვილეში ეს არის ძალადობა, ეს არის სერიოზული სტრესი.“

„გადასარევი აზრია, რომ ზეიმის დაგეგმვის პროცესში ბავშვები იყვნენ თავად მონაწილეები. დაგეგმვაში ის იგულისხმება, რომ ჯერ ვირჩევ, რა როლში მინდა მე ყოფნა. ფავორიტიზმშიც გადადის ხოლმე ეს. აღმზრდელმა რომ ჩათვალა, ეს სასწაულებრივად ლამაზი ბავშვი უნდა იყოს მაინცდამაინც ფიფქია. ძალიან ხშირად ერთი და იგივე ბავშვი არის ფიფქიას როლში და სხვები იჩაგრებიან. ეს ბავშვიც არანაკლებ სტრესს გადის, მუდმივად ფიფქიას როლი რომ აქვს შესასრულებელი. შეიძლება ერთ დღეს სიამოვნებით შეასრულეთ ლექსი, სიამოვნებით დაუკარით პიანინოზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ჩაგთვალონ ყოველთვის ამ ლექსის მთქმელად და პიანონზე დამკვრელად,”- აღნიშნულ საკითხზე ცირა ბარქაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას რომ ვარჯიში სჭირდება, ამაზე კამათი არ უნდა იყოს“

ლექსის ზეპირად სწავლასა და მუშა მეხსიერების ვარჯიშზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ბახტაძემ ისაუბრა. 

„ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, მაგალითად, ვიზუალური - ეს სხვა თემაა. მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ამაზე საუბარი არ უნდა იყოს.

ე.წ საზეპირო რა მოცულობის უნდა იყოს? - ეს უნდა იყოს შუშანიკის წამებიდან აღებული ჰაგიოგრაფიული, მძიმე ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი თუ აკაკი წერეთლის ლირიკული, არაჩვეულებრივი ლექსის მხოლოდ ნაწილი, თუ რომელიმე პოემა?! - ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული, ანუ რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს მისი ინტელექტის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, ვიმეორებ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება და ეს დისკურსიას არ საჭიროებს,'' - აღნიშნა სოფო ბახტაძემ. 

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად