Baby Bag

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სტრესი ბავშვს უქმნის. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს სასკოლო მასალის ათვისება უჭირს:

„ბოლო პერიოდში ჩემთან მოდიან ხოლმე მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ვერ სწავლობს. ის ვერ სწავლობს ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამას. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად ამ ტიპის ბავშვები მოდიან, მაგრამ მიკვრის ის, რომ ამ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ ინტელექტუალური. მათ აქვთ ემოციური პრობლემები.“

„ამ ბავშვების მშობლების ნაწილი არის მარტოხელა, დაშორებული, ნაწილი კი არ არის, მაგრამ ოჯახებში არის დაძაბულობა. მშობელი ამბობს: „მასწავლებელი მეუბნება, რომ ბავშვი გაშტერებული ზის.“ გაშტერებული ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, სტრესულ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, ხომ არ გესმით და არც ფიქრობთ არაფერზე. ძალიან დაძაბულები არიან ბავშვები. ეს გარედან კი არ ჩანს. ბავშვი არასდროს არ იტყვის მშობელთან, რომ შეწუხდა, გაბრაზდა. ამას არ გამოხატავს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ. სხვათა შორის, ეს არის ძალიან საინტერესო კიდევ: ბავშვები ყოველთვის თვლიან, რომ მშობლების დაშორებისას დამნაშავეები თვითონ არიან. პატარა ბავშვებზეა საუბარი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ადამიანს ჩადებული აქვს, რომ ყველა საწინააღმდეგო სქესის ადამიანი მოღალატეა, ის ქვეცნობიერად აუცილებლად მიიზიდავს მოღალატეს,“ - ფსიქოლოგი ინგა გოჩელეიშვილი

ფსიქოლოგი ინგა გოჩელეიშვილი „სხვა შუადღეში“ ეჭვიანობის გამომწვევი მიზეზების შესახებ საუბრობს:

„ეჭვიანობის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთია ოჯახური გარემო. ბავშვობიდან ადამიანს აქვს ჩადებული რწმენა, რომ ყველა ქალი ან ყველა მამაკაცი მოღალატეა. შეიძლება, ბავშვს დედისგან ან მამისგან ესმოდა, რომ მამაკაცებს არ უნდა ენდოს, ქალს არ უნდა ენდოს. სოციუმში ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ მამაკაცები პოლიგამიურები არიან. ამ დროს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მოღალატე მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავება მხოლოდ 2%-ს შეადგენს. საერთაშორისო კვლევა ჩატარდა, რომელშიც ადამიანებს ეკითხებოდნენ, უღალატებდნენ თუ არა მეწყვილეს, თუ ეცოდინებოდათ, რომ ის ამას ვერასდროს გაიგებდა. მამაკაცების 82 % აღნიშნავდა, რომ მეწყვილეს უღალატებდა, მსგავს პასუხს ქალების 78% იძლეოდა. მგონი, ერთმანეთს ვიმსახურებთ. ოჯახურ სცენარს რომ დავუბრუნდეთ, უნდობლობა მხოლოდ აზრი არ არის, ის მოქმედებას წარმოშობს, მოქმედება და აზრი წარმოქმნის ემოციას, ეს არის ადამიანის არსებობის ალგორითმი ამ კუთხით.“

ინგა გოჩელეიშვილის თქმით, ეჭვიანი ადამიანი ქვეცნობიერად იზიდავს მოღალატეს:

„თუ ადამიანს ჩადებული აქვს, რომ ყველა საწინააღმდეგო სქესის ადამიანი მოღალატეა, ის ქვეცნობიერად აუცილებლად მიიზიდავს მოღალატეს. ჩვენი ფსიქიკა ასეთი უცნაური რამ არის. ის ქვეცნობიერად იზიდავს ისეთ ადამიანს, რომელიც მას თავის რწმუნებულებაში განამტკიცებს.“

„რა თქმა უნდა, ადამიანი იბადება გარკვეული მოცემულობით, გარკვეული ხასიათით, რომელიც მასში არის ჩადებული. თუმცა, თუ შემდგომში მას არ აკმაყოფილებს თავისი ხასიათის თავისებურებები, პროფესიონალის დახმარებით ამის შეცვლა შესაძლებელია. თუ ადამიანი თავად იაზრებს პრობლემას და მისი შეცვლა უნდა, ეჭვიანობა შეუქცევადი ნამდვილად არ არის,“ - აღნიშნავს ინგა გოჩელეიშვილი.

წაიკითხეთ სრულად