Baby Bag

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების ენერგიაზე მოსაყვანად და გასართობად ტელევიზორის გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს და პატარების გართობა ან ენერგიაზე მოყვანა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი:

„ბოლო დროს მშობლებისგან ხშირად მესმის, რომ საბავშვო ბაღში არის ტელევიზორები, ალბათ, უფრო საჯაროში. მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები. თითქოს ეს არის ბავშვების გართობის საშუალება, ენერგიაზე მომყვანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცოტა გამხიარულებას. არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ბავშვს ისედაც დიდი ექსპოზიცია აქვს ტელევიზორის სახლშიც. საბავშვო ბაღის გარემო მაინც უნდა იყოს ეკრანისგან თავისუფალი.“

„ტელევიზორის მაგივრად სხვანაირად შეიძლება ბავშვის სტიმულირება, თუნდაც იგივე მუსიკით, დაკვრით, აქტივობებით. არ ღირს, რომ სკოლამდელი განათლების ძვირფასი დრო დაიხარჯოს ტელევიზორის ყურებაში და რაღაც მულტფილმების ყურებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

სახიფათოა თუ არა კონდიციონერი ბავშვის ჯანმრთელობისთვის? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

სახიფათოა თუ არა კონდიციონერი ბავშვის ჯანმრთელობისთვის? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

ზაფხულის დადგომასთან ერთად სახლში ტემპერატურა იმატებს. უფროსებს და ბავშვებს სიცხე ძალიან აწუხებთ. მშობლები სიცხის მიუხედავად კონდიციონერის ჩართვას ხშირად ერიდებიან, რადგან არ იციან, რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება იმ ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება. ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ურჩევს გასაგრილებლად კონდიციონერი გამოიყენონ, თუმცა გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია.

  • 1.კონდიციონერი დაკვირვებით შეარჩიეთ

სახლში მცირეწლოვანი ბავშვი თუ გყავთ, კონდიციონერის შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ აქვს თუ არა მას სიმძლავრისა და ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირების მექანიზმები.

  • 2.ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

კონდიციონერის ჩართვამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და ის ზედმიწევნით კარგად დაიცავით. რეგულარულად გამოცვალეთ ფილტრები. თუ ტექნიკური მომსახურება დაგჭირდებათ, მიმართეთ მხოლოდ შესაბამის სპეციალისტებს.

  • 3.გააკონტროლეთ ჰაერის ტენიანობა

ჰაერის ტენიანობის კონტროლი აუცილებელია, როდესაც სახლში კონდიციონერი გაქვთ ჩართული. მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, ჰაერის გამოშრობის ალბათობა მაღალია. თუ ოთახში, რომელშიც კონდიციონერია ჩართული, ბავშვიც გყავთ, აუცილებლად გამოიყენეთ გიგრომეტრი და ჰაერის დამატენიანებელი.

  • 4.გაითვალისწინეთ კონდიციონერის მთავარი დანიშნულება

კონდიციონერის მთავარი ამოცანა სასიამოვნო გარემოს და ადეკვატური ტემპერატურის შექმნაა. ნუ ეცდებით სახლი მაცივრის რომელიმე განყოფილებას დაამსგავსოთ. თუ გარეთ ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღალია, არ არის აუცილებელი, რომ სახლში ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბლა დაიყვანოთ, 22-24 გრადუსი სავსებით საკმარისია.

  • 5.ჩართული კონდიციონერის წინ ბავშვს ნუ გააჩერებთ

ჩართული კონდიციონერის წინ ჰაერი აქტიურად მოძრაობს. ეს სივრცე, დაახლოებით, 2-3 მეტრის არეალშია. აღნიშნულ სივრცეში ბავშვს დიდხანს ნუ გააჩერებთ. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ბავშვის საწოლი ამ ზონაში.

  • 6.ხშირად გაანიავეთ სახლი

კონდიციონერის გამოყენებისას არ უნდა დაივიწყოთ სახლის განიავების აუცილებლობა. ყოველდღიურად გამოაღეთ ფანჯრები და სახლი რეგულარულად გაანიავეთ.

  • 7.კონდიციონერის პულტი არ დადოთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას

ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს წვდომა კონდიციონერის პულტთან. მას უნდა აუხსნათ, რომ ეს დედიკოს და მამიკოს ნივთია და მისი გამოყენება სხვებისთვის არ შეიძლება. გახსოვდეთ, კონდიციონერის პულტი ბავშვს ერთი წუთითაც კი არ უნდა მისცეთ.

წყარო: ​goodhouse.ru

წაიკითხეთ სრულად