Baby Bag

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების ენერგიაზე მოსაყვანად და გასართობად ტელევიზორის გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს და პატარების გართობა ან ენერგიაზე მოყვანა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი:

„ბოლო დროს მშობლებისგან ხშირად მესმის, რომ საბავშვო ბაღში არის ტელევიზორები, ალბათ, უფრო საჯაროში. მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები. თითქოს ეს არის ბავშვების გართობის საშუალება, ენერგიაზე მომყვანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცოტა გამხიარულებას. არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ბავშვს ისედაც დიდი ექსპოზიცია აქვს ტელევიზორის სახლშიც. საბავშვო ბაღის გარემო მაინც უნდა იყოს ეკრანისგან თავისუფალი.“

„ტელევიზორის მაგივრად სხვანაირად შეიძლება ბავშვის სტიმულირება, თუნდაც იგივე მუსიკით, დაკვრით, აქტივობებით. არ ღირს, რომ სკოლამდელი განათლების ძვირფასი დრო დაიხარჯოს ტელევიზორის ყურებაში და რაღაც მულტფილმების ყურებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„აკრძალვა და რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, როდესაც მოზარდებზეა საუბარი,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

„აკრძალვა და რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, როდესაც მოზარდებზეა საუბარი,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

თამარ გაგოშიძემ ინტერნეტუსაფრთხოებისა და ბავშვების ეკრანზე მიჯაჭვულობის საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოზარდებთან რადიკალური ზომები არ ამართლებს:

„აკრძალვა, გამორთვა, როდესაც მოზარდებზეა საუბარი, ​რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, იმიტომ, რომ ეს არის ცხოვრების ნაწილი. ჩემი თაობა ამ რეალობაში არის მიგრანტი და ახალგაზრდა თაობა არის აბორიგენი. მათი ტვინი ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი, ვიდრე ჩემი ტვინი. ისინი გაიზარდნენ ამ რეალობაში. ჩვენ ცარიელი ლოზუნგებით ვერ შემოვიფარგლებით. კარგად უნდა გავიგოთ ეს ფენომენი, თუ რა იზიდავს მოზარდს ინტერნეტსივრცეში.“

თამარ გაგოშიძის თქმით, უფროსები ინტერნეტსივრცეს კონკურენციას ვერ უწევენ:

​სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვუწევთ კონკურენციას ინტერნეტსივრცეს. გავარკვიოთ, რა არის მოზარდის გარდატეხის ასაკის სპეციფიკა. ვიღაცას რთული გარდატეხის ასაკი აქვს, ვიღაცას შედარებით მარტივი. ყველას აქვს ერთი კანონზომიერება: შენ გინდა შენი თავის დამკვიდრება, შენ ეძებ ცხოვრების საზრისს. მაშინ იწყება დაკვირვება თავის თავზე, სხვებზე, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.“

„მოზარდების აღგზნების ზღურბლი არის ძალიან დაბალი. სარისკო ქცევები, მწვავე შთაბეჭდილებები გინდა ამ ასაკში, შენ გაინტერესებს ბევრი რამ. რაც უფრო აკრძალულია, უფრო გაინტერესებს. რაც უფრო დაფარულია, კიდევ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობაა. სარისკო ქცევისადმი გაქვს ეს ტენდენცია. რაც უნდა ჭკვიანი ადამიანი იყოს, ​ეს რისკიანობის მომენტი არის დამახასიათებელი ამ ასაკისთვის. ჩვენი თაობის დროს პარალელური სივრცე არ არსებობდა. ალტერნატივა ბევრი არ გვქონდა. დღეს ჩვენ გვაქვს ალტერნატივები. როდესაც ჩვენ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს მრავალფეროვნება და მოზარდების გარდატეხის ასაკის კანონზომიერებები უნდა გავითვალისწინოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად