Baby Bag

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების ენერგიაზე მოსაყვანად და გასართობად ტელევიზორის გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს და პატარების გართობა ან ენერგიაზე მოყვანა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი:

„ბოლო დროს მშობლებისგან ხშირად მესმის, რომ საბავშვო ბაღში არის ტელევიზორები, ალბათ, უფრო საჯაროში. მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები. თითქოს ეს არის ბავშვების გართობის საშუალება, ენერგიაზე მომყვანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცოტა გამხიარულებას. არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ბავშვს ისედაც დიდი ექსპოზიცია აქვს ტელევიზორის სახლშიც. საბავშვო ბაღის გარემო მაინც უნდა იყოს ეკრანისგან თავისუფალი.“

„ტელევიზორის მაგივრად სხვანაირად შეიძლება ბავშვის სტიმულირება, თუნდაც იგივე მუსიკით, დაკვრით, აქტივობებით. არ ღირს, რომ სკოლამდელი განათლების ძვირფასი დრო დაიხარჯოს ტელევიზორის ყურებაში და რაღაც მულტფილმების ყურებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არის ასეთი რადიკალური მეთოდი, რომელსაც ძალიან კარგი ეფექტი აქვს,“- ნევროლოგი გვანცა არველაძე ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე

„არის ასეთი რადიკალური მეთოდი, რომელსაც ძალიან კარგი ეფექტი აქვს,“- ნევროლოგი გვანცა არველაძე ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე

ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ბავშვებში ერკანდამოკიდებულების გამო ემოციური შფოთვისა და შიშების გაჩენის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეკრანის დრო აუცილებლად განსაზღვრული და გაკონტროლებული უნდა იყოს:

„ბავშვებში ძალიან ხშირია​ ღამის შიშები, ემოციური შფოთვები, გაღვიძება. ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში, გამოიხატება სწორედ ასეთი სახით. ეკრანი დაძინებამდე ორი საათით ადრე და გაღვიძებიდან ერთ-ორ საათში არ უნდა შევთავაზოთ ბავშვს. ის რაღაც სხვა ალტერნატიული აქტივობებით უნდა იყოს დაკავებული. მოზრდილ ბავშვებში არის ძილ-ღვიძილის დარღვევა. იმის მაგივრად, რომ იძინებდნენ 22 საათზე, იძინებენ 3 საათზე. მეორე დილით არის სწავლის უნარის დაქვეითება, თავის ტკივილები და ათასი სხვა პრობლემა.“

გვანცა არველაძის თქმით, მშობლები ხშირად მიმართავენ პროფესიონალებს დახმარების თხოვნით და აინტერესებთ, არის თუ არა ბავშვის უძილობა და შფოთვა ეკრანდამოკიდებულებით გამოწვეული:

„ძალიან ხშირია მომართვიანობა ამ თვალსაზრისით. ​მშობელი გვეკითხება: არის ეს ეკრანდამოკიდებულების ბრალი? ეს არის ელექტრონული ეკრანის სინდრომი. ჯერჯერობით ის არ არის შეტანილი, თუმცა განიხილება, რომ მოხდეს ამ დიაგნოზის დამტკიცება. პირველი რასაც ვთავაზობთ, მწვავე მეთოდია, ერთი თვის მანძილზე ყველანაირი გამღიზიანებლის მოშორება, ეს იქნება ტელევიზორი თუ კომპიუტერი.“

„არის ასეთი რადიკალური მეთოდი, განსაკუთრებით ამას ვიყენებთ უფრო მცირე ასაკის ბავშვებთან. ამ ასაკში უფრო მარტივია ბავშვების მართვა. ამ ასაკში უფრო ვხვდებით ვერბალური კომუნიკაციის პრობლემებს. ბავშვები პასიურ რეჟიმში არიან, მუდმივად ისმენენ სხვის ლაპარაკს. ამ მეთოდს ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ყველა მშობელი ერთხმად აღნიშნავს, რომ როგორც კი ეს მოვხსენით, შედეგი ხილული გახდა. არის სპეციალური განმავითარებელი თამაშები, რომელსაც ვაძლევთ ბავშვს, რითაც უნდა დაკავდეს. არის ძალიან კარგი შედეგი.ძალიან რთულია, რომ რადიკალურად ადგე და ყველა გამღიზიანებელი მოაშორო. სკოლაა, დისტანციური სწავლებაა, ბავშვი საგანმანათლებლო პროცესშია ჩართული. ამ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ​ძილის წინ ორი საათი არ იყოს გამოყენებული ეკრანი. მნიშვნელოვანია ინტერნეტ თამაშების შინაარსის კონტროლი და ახსნაც. ეს განვიხილოთ ჩვენს შვილებთან. შეთანხმების საფუძველზე ბავშვები უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან,“ -აღნიშნულ საკითხებზე გვანცა არველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: „​იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად