Baby Bag

„კითხვა „სად ისწავლა?“ უადგილოა... სად ისწავლა და სახლში ისწავლა, მშობლებისგან სწავლობს ბავშვი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„კითხვა „სად ისწავლა?“ უადგილოა... სად ისწავლა და სახლში ისწავლა, მშობლებისგან სწავლობს ბავშვი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვთან ეფექტიანი კომუნიკაციის დასამყარებლად მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ფსიქოლოგები ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვიძლევით. ეს ცოტა გამაღიზიანებელიც არის. ყველამ თავისი ოჯახი, თავისი საქმე, თავისი თავი უკეთ იცის. არსებობს უნივერსალური რეკომენდაციები, რაც გულისხმობს იმ პიროვნების პატივისცემას, ვისაც ვეკონტაქტებით. ერთ მაგალითს მოვიყვან. თქვენთან სტუმარს რომ დარჩეს ჩანთა, წიგნი, მობილური ან ქოლგა, წავიდეს და მობრუნდეს. თქვენ ხომ მას ეტყვით: „რას ბრძანებთ, მერე რა მოხდა“ და ნივთს გაატანთ. ბავშვს რომ ემართება ეს, ეუბნებით: „თავი გაბია?! არ გრცხვენია?! არაფერზე არ ფიქრობ!“ მოდი, ამ დროს ბავშვს ისე მოვექცეთ, როგორც მოვექცეოდით საპატივსაცემო ადამიანს.“

„რადგან შვილია, ჩვენ გვონია, რომ მან უპირობოდ იცის, რომ ჩვენ ის უპირობოდ გვიყვარს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ კი გვიყვარს უპირობოდ, მაგრამ ეს არ გამოიხატება. ამას სჭირდება საქმით დამტკიცება. მარტო „მე შენ მიყვარხარ“ არ არის საკმარისი. აქ არის მე შენ პატივს გცემ, გაღიარებ და გისმენ. არსებობს საკითხები, რაც უნდა გადაუწყვიტო ბავშვს. არის მორალური თემები, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი თემები. იქ მშობელი არც შედის დისკუსიაში. ბავშვი ფანჯარაზე რომ ავა, ხომ არ დაუწყებ სუაბარს. აქ ქირურგიული მეთოდებია საჭირო. დანარჩენი ყველაფერი ყოფითი, რაც უშუალოდ ბავშვს ეხება, რა თქმა უნდა, მასთან ერთად უნდა განვიხილოთ. გულწრფელად, პატივისცემით, მადლობის მოხდით, ბოდიშის მოხდით, შეცდომების აღიარებით ორივეს მხრიდან უნდა მოხდეს კომუნიკაცია. „სად ისწავლა?“ - ეს კითხვა უადგილოა. სად ისწავლა და სახლში ისწავლა. ხშირ შემთხვევაში ასეა. მშობლებისგან სწავლობს ბავშვი,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად