Baby Bag

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დედამ მიაქციოს ყურადღება საკუთარ მდგომარეობას... სტრესი, რომც დამალო, იგრძნობა, ჟონავს ეს ყველაფერი,“ - ნინო მარგველაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დედამ მიაქციოს ყურადღება საკუთარ მდგომარეობას... სტრესი, რომც დამალო, იგრძნობა, ჟონავს ეს ყველაფერი,“ - ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა მშობლებს ურჩია, ორ წლამდე ასაკის ბავშვები სტრესულ ვითარებას მაქსიმალურად მოარიდონ:

„ჩვილებს და ორ წლამდე ასაკის ბავშვებს ყოველთვის ვეცადოთ, რომ ავარიდოთ მძიმე თემაზე საუბარი. სტრესის გამოხატვა, რომც დამალო, ეს ჩვენს სხეულში იგრძნობა, ჟონავს ეს ყველაფერი. მე რომ ჩემს შვილს ვეთამაშები, ამ დროს გული მიფანცქალებს და გონებით სხვაგან ვარ, ბავშვი გრძნობს ამ ყველაფერს. ის ვერ ხვდება, რა ხდება. მას ჰგონია, რომ ეს არის მისი ბრალი, რაღაცას ვერ აკეთებს კარგად, დედა ცუდად არის. შენ ხარ მისთვის მთავარი ფოკუსი. ბავშვი გრძნობს, რომ საფრთხე მოდის და მისი გონება ავტომატურად იწყებს ცვლილებას. ის იწყებს შფოთვას. შეიძლება უცებ რაღაც მოისროლოს. შენ გაოგნებული ხარ: „რატომ დააგდე ეს?“ შენ ბრაზდები, ჩხუბობთ, ის რომ ატირდება, მერე მიხვდები: „ვაი, რას ვაკეთებ?“ ჩაეხუტები შენს შვილს და შერიგდებით.“

ნინო მარგველაშვილის თქმით, ყველა დედამ უნდა მიაქციოს ყურადღება საკუთარ მდგომარეობას:

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დედამ მიაქციოს ყურადღება საკუთარ მდგომარეობას. თუ გყავთ დამხმარე ადამიანი, პარტნიორი, მონაცვლეობა გააკეთეთ. თუ ხვდებით, რომ აღარ შეგიძლიათ, სთხოვეთ მეორე ადამიანს: გთხოვ, შენ იყავი დღეს. ჩამანაცვლე, სანამ მე საკუთარ თავზე ვიზრუნებ.“

ნინო მარგველაშვილმა მიმდინარე ომის პირობებში ბავშვებთან კომუნიკაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ფილმი მახსენდება „ცხოვრება მშვენიერია.“ იქ მამა ცდილობს თამაში იყოს ყველაფერი. ის კი არა, რომ გავჩუმდეთ. მან მნიშვნელობა მიანიჭა მოვლენებს სხვანაირი ბავშვისთვის. პირველ რიგში, ბავშვებს კითხვები დავუსვათ: „რა იცი ამის შესახებ?“ მთავარია, რომ ერთად ვართ და ვიპოვით გამოსავალს, ვეხმარებით ერთმანეთს. ადამიანებისთვის ერთმანეთი არის ძალიან დიდი ძალა. მოქმედებაში რომ ხარ, ძალა გაქვს. იქ ვერ გრძნობ რაღაცებს. მერე რომ დამთავრდება, უსაფრთხო ბუნაგს რომ იპოვით, სიტყვებიც არ გჭირდება მერე. შეიძლება, ჩახუტებულები იწვეთ ჩუმად,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ინტერნეტვარსკვლავი ანდრეა ხალვაშის ვიდეომ, რომელშიც ის დაბადების დღის მისალოც სიმღერას სახალისო სტილით ასრულებს, სოციალური ქსელი დაიპყრო. ანდრეამ დედასთან თეა მალაყმაძესთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ცნობილი ვიდეოს გადაღების ისტორიაზე ისაუბრა:

„სიმღერის შესრულებისას კარგ ხასიათზე ვიყავი. ხმის ტემბრი ავწიე. ჩემთვის ვმღეროდი. მინდა,რომ პიანისტი და ფეხბურთელი გამოვიდე. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ბათუმში კვარაცხელიაა.“

„იმ პერიოდში მრავლად გვქონდა დაბადების დღეები და თავისთვის მღეროდა ხოლმე ხშირად. როდესაც ვცდილობ, რომ სიმღერის დროს გადავუღო, არ მაძლევს საშუალებას. ერთხელ მივეპარე და გადავუღე ჩუმად. ეშხში იყო შესული. მეორე წელია უკვე ანდრეა ფორტეპიანოს ეუფლება. სენაკის არტ-ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა საკმაოდ წარმატებით, დაჯილდოვდა კიდეც. რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად მოსწონს. ჩვენი TikTok ისტორიები ასე დაიწყო, რომ ვიღებდით ვიდეოებს, თუ გამოიცნობდა ხალხი მელოდიას. ჩვენთვის ერთ დღეში ბევრი რამ შეიცვალა,“- აღნიშნა თეა მალაყმაძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“


წაიკითხეთ სრულად