Baby Bag

„ქალის როლი არის, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი... ომის დროს უნდა გაიზარდოს მშვიდობა ისე, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

„ქალის როლი არის, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი... ომის დროს უნდა გაიზარდოს მშვიდობა ისე, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ ომის დროს ქალის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მდედრობით სქესს აქვს გარკვეული ბიოლოგიური უპირატესობა, რომლის დახმარებითაც ის მეორე ადამიანის შინაგან მდგომარეობას უკეთ აღიქვამს:

„ომის დროს უნდა გაიზარდოს მშვიდობა. არასდროს სხვა დროს ისე, როგორც ომის დროს. ქალის როლი არის, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი. ქალის ბიოლოგიური უპირატესობაა, რომ კარგად შეუძლია მეორე ადამიანის შინაგანი მდგომარეობის აღქმა. ეს მეცნიერულად დადასტურებულია. ქალის მიკერძოებულობა იწყობა ჩვილობიდან. ექსპერიმენტები არის, რას უყურებს მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის ჩვილი. მდედრობითი სქესის შემთხვევაში ეს არის სახე, მამრობითი სქესის შემთხვევაში მოძრავი ნივთი, მანქანა ან რამე რაც მოძრაობს და მექანიკურია. სამყაროს აღქმა ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში განსხვავებულია.“

„კაცი თუ ხედავს, როგორ მიდის საომარი მოქმედებები, ქალი ხედავს რა ტკივილია ამ მოქმედებების მიღმა. ომი მისთვის უფრო დანაკარგი და ტკივილთან ასოცირებული მდგომარეობაა, ვიდრე გამარჯვება ან თავის დაცვა. როლი, რომელსაც ქალი იტვირთავს, არის ის, რომ ზიანი შეამციროს. სადაც უნდა იყო, იცი, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ეს შენზე გავლენას ახდენს. ქალის ამოცანაა, რომ მიეხმაროს ბავშვებს, აუხსნას მათ, რა არის ომი, რა უნდა გააკეთონ, რომ გადარჩნენ, სიცოცხლის ხარისხი შეინარჩუნონ. ეს ყველაფერი თავის თავში უნდა მოამწიფოს ქალმა, დაარქვას სახელი, სხვას უთხრას. ის, რაც სხვისთვის მტკივნეულია, მიიღოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“


შეიძლება დაინტერესდეთ

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად