Baby Bag

„ქალის როლი არის, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი... ომის დროს უნდა გაიზარდოს მშვიდობა ისე, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

„ქალის როლი არის, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი... ომის დროს უნდა გაიზარდოს მშვიდობა ისე, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ ომის დროს ქალის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მდედრობით სქესს აქვს გარკვეული ბიოლოგიური უპირატესობა, რომლის დახმარებითაც ის მეორე ადამიანის შინაგან მდგომარეობას უკეთ აღიქვამს:

„ომის დროს უნდა გაიზარდოს მშვიდობა. არასდროს სხვა დროს ისე, როგორც ომის დროს. ქალის როლი არის, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი. ქალის ბიოლოგიური უპირატესობაა, რომ კარგად შეუძლია მეორე ადამიანის შინაგანი მდგომარეობის აღქმა. ეს მეცნიერულად დადასტურებულია. ქალის მიკერძოებულობა იწყობა ჩვილობიდან. ექსპერიმენტები არის, რას უყურებს მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის ჩვილი. მდედრობითი სქესის შემთხვევაში ეს არის სახე, მამრობითი სქესის შემთხვევაში მოძრავი ნივთი, მანქანა ან რამე რაც მოძრაობს და მექანიკურია. სამყაროს აღქმა ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში განსხვავებულია.“

„კაცი თუ ხედავს, როგორ მიდის საომარი მოქმედებები, ქალი ხედავს რა ტკივილია ამ მოქმედებების მიღმა. ომი მისთვის უფრო დანაკარგი და ტკივილთან ასოცირებული მდგომარეობაა, ვიდრე გამარჯვება ან თავის დაცვა. როლი, რომელსაც ქალი იტვირთავს, არის ის, რომ ზიანი შეამციროს. სადაც უნდა იყო, იცი, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ეს შენზე გავლენას ახდენს. ქალის ამოცანაა, რომ მიეხმაროს ბავშვებს, აუხსნას მათ, რა არის ომი, რა უნდა გააკეთონ, რომ გადარჩნენ, სიცოცხლის ხარისხი შეინარჩუნონ. ეს ყველაფერი თავის თავში უნდა მოამწიფოს ქალმა, დაარქვას სახელი, სხვას უთხრას. ის, რაც სხვისთვის მტკივნეულია, მიიღოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“


შეიძლება დაინტერესდეთ

„არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს უღიმიან, არ აღიარებენ წყენას, მაგრამ გულის სიღრმეში დიდ ტკივილს ატარებენ,“ - ხათუნა მუზაშვილი

„არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს უღიმიან, არ აღიარებენ წყენას, მაგრამ გულის სიღრმეში დიდ ტკივილს ატარებენ,“ - ხათუნა მუზაშვილი

ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა პატიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ პატიება და დავიწყება:

„პატიება არის სტრესის განეიტრალება. ძალიან ხშირად ერთმანეთში ერევათ პატიება და დავიწყება. ამბობენ: „დამავიწყდა, აღარც კი მახსოვს.“ დავიწყება არ არსებობს. ამ ყველაფერს კომპიუტერის ეკრანს თუ შევადარებთ, დავიწყება ნიშნავს, რომ ეს ფოლდერი არ დევს კომპიუტერის ეკრანზე, არის სადღაც ჩამალული, რაც უარესია. ​არის რაღაც, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, სანამ არ მოაგვარებთ. პატიება არის, როდესაც თქვენ გახსოვთ ეს სიტუაცია, მაგრამ უკვე გეღიმებათ ამაზე, ის აღარ გტკივათ.“

ხათუნა მუზაშვილის თქმით, ჩვენი ქცევები და გრძნობები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა:

„თუ როგორ ვექცევი ადამიანს,​ რომელმაც გული მატკინა და რას ვგრძნობ, შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვადასხვა. ხანდახან არის, რომ მინდა, ცოტა ხანს ცხვირი ავუწიო, მაგრამ არ ვარ ნაწყენი. მით უმეტეს, თუ ქალისა და კაცის ურთიერთობაზეა საუბარი. შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ქცევა იყოს დადგმული.“

„არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს უღიმიან, უცინიან, თვლიან, რომ​ იყო ნაწყენი, ეს სირცხვილია. არ აღიარებენ, რომ არიან ნაწყენი, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან სერიოზულ ტკივილს ატარებენ. დამანგრეველი სტრესის 90 % შედგება სწორედ ამ „დაიგნორებული“ სტრესისგან, რომელსაც სადღაც შორს ვინახავთ. ეს ყველაფერი არის დიდი ატომური ბომბი ჩვენს ქვეცნობიერში,“- აღნიშნულ საკითხებზე ხათუნა მუზაშვილმა საქართველოს რადიოს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საქართველოს რადიო“

წაიკითხეთ სრულად