Baby Bag

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ოჯახში არსებულ კონფლიქტში ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების ჩარევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„შანსები შეიძლება ნათესავების დახმარებაშიც იყოს. ცალმხრივი მიდგომაა, რომ ვიღაცას ვერ შველის მეგობრის რჩევა. ერთი უკიდურესობაა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არის ისეთი დისტანცირება, რომ ფორმალური ღიმილის იქით ურთიერთობა აღარ მიდის. ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ. შეიძლება ამან ისეთი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს ადამიანის, რომ სჯობდა საერთოდ არ ჩარეულიყო.“

„პრინციპი „არ ავნო“ ფსიქოთერაპიაში ამოსავალია. ამიტომაა აქ საჭირო კვალიფიკაცია. ყველა მეზობელი და მეგობარი რომ ფსიქოთერაპევტი იყოს დაბადებიდან, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა ამის მოთხოვნა. როდესაც ადამიანები ვერ გრძნობენ ტაქტს და უფრო შორს მიდიან ვიდრე მათ ეს ევალებათ, პასუხისმგებლობა არის მასზე, ვინც აძლევს მას ამის უფლებას. სრულიად თავისუფლად შეიძლება ღიმილით და კეთილგანწყობით ვუთხრათ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და თუ შეიძლება, ნუ ჩაერევი, იმიტომ, რომ მე ამას განვიცდი, არ მაქვს ამის სურვილი, რომ ვინმემ განიხილოს ეს თემა,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საქართველოს პირველი არხი

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასუნთქი სისტემის დაავადებებს ცოტათი სიტკბო უყვარს. დაშაქრული ან მურაბიანი ცხელი წყალი ხველას აწყნარებს,” - ყარამან ფაღავა

„სასუნთქი სისტემის დაავადებებს ცოტათი სიტკბო უყვარს. დაშაქრული ან მურაბიანი ცხელი წყალი ხველას აწყნარებს,” - ყარამან ფაღავა

​​პედიატრმა ყარამან ფაღავამ წამლების გამოყენების დროს მტკიცებულებებზე დაყრდნობის საჭიროებაზე ისაუბრა. მან ხველის დროს ეფექტიანი სამკურნალო საშუალებებიც დაასახელა:

„ნებისმიერი წამლის ეფექტიანობაზე როდესაც ვსაუბრობთ, გვესაჭიროება მტკიცებულებები. უამრავი წამალია, რომელზეც მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ ვიყენებთ ხოლმე. საჭიროა უკუკავშირი. წამალს რომ გამოიყენებ, დააკვირდი შველის თუ არ შველის. ექიმმაც და მშობელმაც უნდა წაიკითხოს ინსტრუქცია. თუ გვერდითი მოვლენა განვითარდა, სჯობს სხვა წამალზე გადავიდეთ.“

ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ ხველის დროს ტკბილი სითხეების დალევა სასარგებლოა:

„უბრალო წამალია თაფლიანი წყალი. არავის არ ჩაუტარებია კვლევა, მაგრამ ძალიან ფართოდ ვიყენებთ. მოტკბო ხსნარები, დაშაქრული ან მურაბიანი ცხელი წყალი ხველას გარკვეულწილად აწყნარებს.​ სასუნთქი სისტემის დაავადებებს ცოტათი სიტკბო უყვარს. ფაღარათს მლაშე უყვარს. ტკბილ წყლებს ფაღარათის დროს ნუ დაუნიშნავთ ბავშვს. რაც შეეხება თაფლს, ზოგიერთები პატარა ბავშვებსაც თაფლს აძლევენ. აღწერილია შემთხვევები, რომ თაფლი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ბოტულიზმს იწვევს. ამიტომაც თაფლის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.“

ყარამან ფაღავას თქმით, ბალახოვან წამლებთანაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო:

„ზოგიერთს ძალიან უყვარს ბალახოვანი წამლები. ამბობენ, რომ უვნებელიაო. მედიცინის ლეგენდარული შემქმნელი მედეა ბალახებს აკეთებდა მხოლოდ, მაგრამ ამ ბალახებისგან შხამებსაც აკეთებდა. მიუხედავად ამისა, მე უარს არ ვამბობ ბალახოვან პრეპარატებზე. ერთი პრეპარატი მიყვარს. წამლის დასახელების თქმა არ მინდა, მაგრამ მსურველი დაინტერესდება. ის შეიცავს ყაყაჩოს. ეს არის ოპიატის მსგავსი ნივთიერება, რომელსაც ​აქვს ხველის ცენტრალური დათრგუნვის შესაძლებლობა.

„ხველის პროფილაქტიკა და ირიტანტების თავიდან აცილებაც საჭიროა. ძველი საშუალებაა, მაგრამ შველის ხშირად რეფლექსოგენური ზონების გაღიზიანება. რეფლექსოგენური ზონაა მკერდის ძვალი, ზუსტად შუახაზზე და უკან ხერხემლის ორივე მხარეს. ძველი მეთოდია თხის ქონით დაზელვა, კარაქი და იოდი, ამას რომ წავუსვამთ ძალიან ხშირად ეფექტი გვაქვს. ამ წასმით წაგებით არაფერს წავაგებთ, შედეგი კი შეიძლება იყოს. შესანიშნავია მაღალი მთა. ​აქ გამღიზიანებელი ნივთიერებები ნაკლებია, უფრო სუფთაა ჰაერი. მე დასავლეთელი ვარ, მაგრამ ჰავა, რასაკვრიველია, აღმოსავლეთ საქართველოსი სჯობს. თუ ბავშვი მიდრეკილია ხველებისადმი, მისთვის აღმოსავლეთ საქართველოს მთა შესანიშნავია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად