Baby Bag

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ოჯახში არსებულ კონფლიქტში ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების ჩარევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„შანსები შეიძლება ნათესავების დახმარებაშიც იყოს. ცალმხრივი მიდგომაა, რომ ვიღაცას ვერ შველის მეგობრის რჩევა. ერთი უკიდურესობაა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არის ისეთი დისტანცირება, რომ ფორმალური ღიმილის იქით ურთიერთობა აღარ მიდის. ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ. შეიძლება ამან ისეთი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს ადამიანის, რომ სჯობდა საერთოდ არ ჩარეულიყო.“

„პრინციპი „არ ავნო“ ფსიქოთერაპიაში ამოსავალია. ამიტომაა აქ საჭირო კვალიფიკაცია. ყველა მეზობელი და მეგობარი რომ ფსიქოთერაპევტი იყოს დაბადებიდან, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა ამის მოთხოვნა. როდესაც ადამიანები ვერ გრძნობენ ტაქტს და უფრო შორს მიდიან ვიდრე მათ ეს ევალებათ, პასუხისმგებლობა არის მასზე, ვინც აძლევს მას ამის უფლებას. სრულიად თავისუფლად შეიძლება ღიმილით და კეთილგანწყობით ვუთხრათ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და თუ შეიძლება, ნუ ჩაერევი, იმიტომ, რომ მე ამას განვიცდი, არ მაქვს ამის სურვილი, რომ ვინმემ განიხილოს ეს თემა,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საქართველოს პირველი არხი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თავისუფლად შეიძლება პროფესიული რეალიზაციისა და ბავშვებთან ურთიერთობის დაბალანსება,“ - თეა გოგოტიშვილი

„თავისუფლად შეიძლება  პროფესიული რეალიზაციისა და ბავშვებთან ურთიერთობის დაბალანსება,“ - თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა დაკავებული დედების პრობლემებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი პროფესიული საქმიანობისა და ბავშვთან ურთიერთობის დაბალანსება:

„ეპოქა მოითხოვს იმას, რომ ქალმა იმუშაოს, იყოს რეალიზებული. იმ ქალბატონებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითრეალიზაციას, ფსიქო-ემოციური პრობლემები სწორედ ამ არარეალიზებულობის გამო უჩნდებათ. ​თავისუფლად შეიძლება დაბალანსება პროფესიული რეალიზაციისა და ბავშვებთან ურთიერთობის. ეს არის მიზანდასახულობის, ორგანიზებულობის და იმ უნარ-ჩვევების შედეგად, რომელიც ვითარდება აღზრდა-განვითარების პროცესში. თუ ბავშვობაში დისციპლინა და ორგანიზებულობა არ არის ჩვეული მდგომარეობა, მათი ათვისება ძალიან რთულად ხდება ზრდასრულობაში. ეს ჩვენი ეთნოსის პრობლემაა.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, მშობელი ზედამხედველი არ უნდა იყოს და მან ბავშვთან ურთიერთობაში ზომიერება უნდა გამოიჩინოს:

​მშობელი არ უნდა იყოს ზედამხედველი მხოლოდ. ხშირ შემთხვევაში მშობელს ერევა და მაკონტროლებელი ფუნქცია ურთიერთობის სანაცვლოდ მიაჩნია კარგი მშობლის როლში ყოფნად. ხშირად ხდება, რომ შემოწმება, გადამოწმება, გამოძიება, ურთიერთობების უნდობლობაში გადაზრდა ნეგატიური ზეგავლენის მქონეა ბავშვზე, ისევე როგორც სრული უყურადღებობა. მშობელს უნდა ჰქონდეს იმპულსი შინაგანად, რომ ეს ორი პოლუსი: უყურადღებობა და გადამეტებული კონტროლი მუდმივად ჰქონდეს თვალსაწიერში.“

„როდესაც ვსაუბრობთ თანასწორ ურთიერთობაზე ბავშვთან, ეს არ ნიშნავს, რომ მშობელი უნდა გახდეს მცირეწლოვანი ან მოზარდი, არამედ ​მან ბავშვს უნდა აგრძნობინოს, რომ ის არის პიროვნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს შორის მხოლოდ სიტყვიერი კონტაქტი არ არის ინფორმაციის წყარო, არამედ ჩვენი გამომეტყველება, ჩვენი ხმის ინტონაცია. ეს არ არის არც მექანიკურად დასწავლადი. გულწრფელობა, ღიაობა და უშუალო ურთიერთობები ნებისმიერ დანაშაულის განცდას თუ დაკავებულობას თავისუფლად დააკომპენსირებს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად