Baby Bag

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვებში ზრუნვის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ჩემი და ჩემზე უმცროსია. მახსოვს, როდესაც სკოლაში დავდიოდი, მამაჩემმა მითხრა, ძალიან მინდა მაღაზიაში გამომყვე, შენთვის რაღაც აარჩიე, შენი დისთვისაც რამე შეარჩიე და აჩუქეო. მაღაზიაში ბედნიერი წავედი. ჩემს დას სიხარულით რაღაც ავურჩიე. მე უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ მეც რაღაც შემხვდა. ეს მომენტი მახსოვს, რომ ნინოს ვაჩუქე რაღაც და ის რა გახარებული იყო. მერე გავიგე, რომ ამ დროს დედამ ჩემს დას უთხრა, შეიძლება შენმა ძმამ დღეს რაღაც გაჩუქოს და ალბათ, ძალიან გაგიხარდებაო. იმის მერე დღემდე მინდა, რომ ჩემს დას რაღაც ვაჩუქო, რაღაც პატარა გავუკეთო.“

„ბავშვები ბუნებით ეგოისტები არიან. კიდევ ერთი რამ, რაც ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ არის ის, რომ როდესაც ოჯახის პატარა წევრი ჩნდება, დიდს ავალებენ პასუხისმგებლობას, რომ ახლა შენ უნდა იზრუნო, მოუარო, გამოუცვალო. პასუხისმგებლობის იძულება არ მგონია, რომ კარგი გზა იყოს. თუ ბავშვში ზრუნვა უკვე არის, ის ამას სიხარულით გააკეთებს. თავისი ნებით თუ გააკეთებს რაღაცას, სულ პატარას მაინც, მოდი, მაგრად შევაქოთ. უფროსი ძმა სულ რომ 14 წლის იყოს, სრულწლოვანი მაინც არ არის. ის, რომ ბავშვი გადასცე და შენ კინოში წახვიდე, ასე არ გამოვა არანაირად,“ - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ უნდა დაგვენანოს ერთმანეთისთვის კომპლიმენტების თქმა, იმის ახსნა, თუ როგორ მიყვარს, როგორ მენატრება,“ - მარინა კაჭარავა

„არ უნდა დაგვენანოს ერთმანეთისთვის კომპლიმენტების თქმა, იმის ახსნა, თუ როგორ მიყვარს, როგორ მენატრება,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ადამიანზე სიყვარულის ძალის ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ემოციას მთლიანობა ახასიათებს და ის აზროვნებას არხს არ უტოვებს:

„ემოციას ახასიათებს მთლიანობა, არხს არ უტოვებს აზროვნებას, რომ ადამიანმა იაზროვნოს. ხშირად არის, ადამიანი ყოფილ შეყვარებულს რომ უყურებს, ფიქრობს: „ნეტავ რა მომწონდა ამაში?“ ის შარავანდედი იყო მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანისადმი და არა იმ ადამიანის რაიმე თვისება. ​ტვინის თორმეტი ადგილი იღებს მონაწილეობას შეყვარებულობაში. ადამიანში ხდება ისეთი პროცესები, რომლებიც კარგად ვერ კონტროლდება.“

მარინა კაჭარავას თქმით, სიყვარულის ენას ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

​ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულის ენას. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური ენა. ეს არის სხეულის ენა, თვალით კონტაქტი, დრო, რომელსაც ატარებენ ერთად. ჩახუტების დროს კანზე რომ ჟრიალი აქვს ადამიანს, ამასაც სიყვარულის მოლეკულა განსაზღვრავს. აუცილებელია კომპლიმენტები და აღიარება. გოგონებს ხომ უყვართ, მაგრამ ბიჭებს ბევრად მეტად უყვართ აღიარება, როდესაც აღიარებენ მის მამაკაცურ ღირსებას, მის დამსახურებებს. არ უნდა დაგვენანოს ერთმანეთისთვის კომპლიმენტების თქმა, იმის ახსნა, თუ როგორ მიყვარს, როგორ მენატრება. როგორც კოცონს უნდა სულის შებერვა, ცეცხლს რომ დაანთებ, ისე უნდა გრძნობასაც.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ურთიერთობაში განახლება აუცილებელია:

„აუცილებელია რაღაც განახლება. რეკომენდაციები არის ერთად ფრენა, ერთად სრიალი. ისეთი რაღაცების კეთება, რომელიც აახლოვებს ადამიანებს ერთმანეთთან. როგორ გავიგოთ რა არის ჩვენი სიყვარულის ენა? რაც მე მწყინს, დავუკვირდე იმას. რასაც აკეთებს და ამბობს და მე რომ არ მსიამოვნებს, უნდა ვიფიქრო, რომ იმის საპირისპირო არის ჩემი სიყვარულის ენა. აუცილებლად თვალებში უნდა უყურებდე ადამიანს და აუხსნა, რომ შენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიყვარულში, ​ურთიერთობაში ყოველთვის არის კომპრომისები. ამ ურთიერთობაში თავისუფლებას ცოტათი კარგავ, მაგრამ შენი არჩევანია ეს.“

„ქალს აქვს დედობის უნარი, რომელიც არის უნიკალური უნარი. ​ეს მზრუნველობა მამაკაცს იმდენი არ აქვს. მამაკაცისთვის ეს უფრო რთულია, ვიდრე ქალისთვის. ქალისთვის ეს ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა. ეს ბმა ისეთი რამ არის, რომ ვერც კი ხვდები, რა არის ის, რაც ამ ადამიანში გიზიდავს. რომ არა ეს ურთიერთობა, შეიძლება არც კი შეხედო მას. დამთავრების შემდეგ ეს ხშირად ხდება. ფრანგები ამბობენ: „არასდროს დაბრუნდე იქ, სადაც ბედნიერი იყავი.“ ბედნიერი შენ იყავი, ეს იყო შენი ემოციური მდგომარეობა იმ კონკრეტულ დროს, ადგილას და არა ის ადგილი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა უქმეებზე“

წაიკითხეთ სრულად