Baby Bag

„მშობლები უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე შვილები და ბავშვი ამას უყურებს,“- ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

„მშობლები უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე შვილები და ბავშვი ამას უყურებს,“- ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბავშვების ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ ასაკში პრობლემის დასაძლევად განსხვავებული მიდგომაა საჭირო:

„ბავშვები დიდ დროს ატარებენ არა პირდაპირ კომუნიკაციაში, არამედ გაჯეტებთან. გაჯეტებზე მიჯაჭვულობის დასაძლევად გააჩნია ასაკს და მიდგომას. მშობლები თვითონ არიან არათანმიმდევრულები. ბევრი მშობელი მეუბნება ოთხი წლის ბავშვზე: „იცით, რა კარგად ფლობს კომპიუტერს?!“ შვიდი წლის ასაკში ამბობენ: „ვერ ვწყვეტთ ამ თამაშებს.“ ბავშვში ჯერ ჩადეს მექანიზმი, რომ ის ამაყობდა ამით და მერე უკვე უშლიან.“

„ბავშვი სწავლობს მშობლების მაგალითით. მშობლები უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე შვილები. ბავშვი ამას უყურებს. ეს დადასტურებულია უკვე: 10 წლამდე ბავშვებს, როდესაც მშობელი ეუბნებოდა: „წამოდი, გავისეირნოთ,“ ბავშვების 97% დიდი სიხარულით ტოვებდა თამაშებს და მიჰყვებოდა მშობელს. მათთვის უფრო მეტად სასიამოვნო ეს იყო. შემდგომ ასაკში უკვე გაჯეტები და ინტერნეტი ასრულებს კომუნიკაციის როლს. ამ ასაკში უკვე თანატოლებთან კომუნიკაცია ნომერ პირველი პრიორიტეტია. გარდატეხის ასაკში მშობელს შეუძლია იმის ორგანიზება, რომ მისცეს ბავშვს საშუალება მეგობრები მოიყვანოს სახლში. ბევრად უკეთ მოხდება კომუნიკაცია და ბევრად ნაკლები დრო ექნება ბავშვს ამ გარემოში,“- აღნიშნულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად