Baby Bag

„მშობლები უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე შვილები და ბავშვი ამას უყურებს,“- ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

„მშობლები უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე შვილები და ბავშვი ამას უყურებს,“- ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბავშვების ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ ასაკში პრობლემის დასაძლევად განსხვავებული მიდგომაა საჭირო:

„ბავშვები დიდ დროს ატარებენ არა პირდაპირ კომუნიკაციაში, არამედ გაჯეტებთან. გაჯეტებზე მიჯაჭვულობის დასაძლევად გააჩნია ასაკს და მიდგომას. მშობლები თვითონ არიან არათანმიმდევრულები. ბევრი მშობელი მეუბნება ოთხი წლის ბავშვზე: „იცით, რა კარგად ფლობს კომპიუტერს?!“ შვიდი წლის ასაკში ამბობენ: „ვერ ვწყვეტთ ამ თამაშებს.“ ბავშვში ჯერ ჩადეს მექანიზმი, რომ ის ამაყობდა ამით და მერე უკვე უშლიან.“

„ბავშვი სწავლობს მშობლების მაგალითით. მშობლები უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე შვილები. ბავშვი ამას უყურებს. ეს დადასტურებულია უკვე: 10 წლამდე ბავშვებს, როდესაც მშობელი ეუბნებოდა: „წამოდი, გავისეირნოთ,“ ბავშვების 97% დიდი სიხარულით ტოვებდა თამაშებს და მიჰყვებოდა მშობელს. მათთვის უფრო მეტად სასიამოვნო ეს იყო. შემდგომ ასაკში უკვე გაჯეტები და ინტერნეტი ასრულებს კომუნიკაციის როლს. ამ ასაკში უკვე თანატოლებთან კომუნიკაცია ნომერ პირველი პრიორიტეტია. გარდატეხის ასაკში მშობელს შეუძლია იმის ორგანიზება, რომ მისცეს ბავშვს საშუალება მეგობრები მოიყვანოს სახლში. ბევრად უკეთ მოხდება კომუნიკაცია და ბევრად ნაკლები დრო ექნება ბავშვს ამ გარემოში,“- აღნიშნულ საკითხზე ზაზა ვარდიაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენ ხანს გაგრძელდება თოვა საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

რამდენ ხანს გაგრძელდება თოვა საქართველოში? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ მარტის თვის ამინდის პროგნოზი გაგვაცნო:

„წლევანდელ მარტის თვეში საინტერესოდ ვითარდება პროცესები. ზოგადად ასე ვამბობდით ხოლმე, რომ გიჟი თვეა მარტი. სიგიჟე იმაში მდგომარეობდა, რომ ერთი დღე თოვდა, მეორე დღეს მზე იყო. წელს სხვაგვარად ვითარდება პროცესები. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ცივი ტალღის მოქმედება, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაზე მოქმედებს. ასეთი ამინდი შენარჩუნდება კვირის ბოლომდე. დღეს თოვა უნდა შეწყდეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, სადაც დარჩება მცირე ნალექი. დღის ბოლოს გაძლიერდება ქარი, გაყრის ამ ღრუბლებს. თბილისშიც შეწყდება თოვა. დასავლეთ საქართველოში ვინარჩუნებთ ნალექს, უმეტესად თოვლის სახით.“

„შემდეგი კვირის პროგნოზს ძალიან სავარაუდოდ მოგახსენებთ, რადგან ძალიან იცვლება სინოპტიკური პროგნოზი. 17 მარტიდან იქნება ისევ თოვლი, ისევ სიცივე. ასე იქნება 18-შიც, 19-შიც. 20-ში ცოტა შემსუბუქდება, მაგრამ იქნება სიცივე. ის კვირაც იქნება არამდგრადი. ტემპერატურა ცოტა მოიმატებს, მაგრამ იმ სითბოს, რომელიც ყველას უნდა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. შეიძლება თოვლი თოვლჭყაპში ან წვიმაში გადავიდეს, მაგრამ ტემპერატურის მომატება თვის ბოლომდე არ იქნება,“- მოცემულ საკითხზე სვეტლანა ნიორაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო; ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად