Baby Bag

„ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის სხვასთან შედარების ჩვევაზე ისაუბრა, რომელიც მშობლის მიერ შვილთან კომუნიკაციაში დაშვებული ერთ-ერთი შეცდომაა:

„ადამიანი მარტო შეგიძლია შეადარო თავისივე თავს. მე თუ გეტყვი, შენ ერთი თვის წინ რომ კაბა გეცვა, ძალიან გიხდებოდა, ნორმალურია.  თუ გეტყვი, რომ მეზობელს აცვია, უხდება და შენც ასე ჩაიცვი, თმა ასე გაიკეთე, ეს გაძულებს იმ მეზობელს. ბავშვებს როდესაც ვადარებთ სხვებს, ვაძულებთ იმ სხვებს. ის სხვა რა შუაშია, მშობელს სინამდვილეში იმის დარდი არ აქვს. საერთოდ არ მოსწონს ის.“

მარინა კაჭარავას თქმით, რაც ადამიანს თავად ეწყინება, ის სხვას არ უნდა გაუკეთოს:

„წარმოიდგინეთ მამაკაცებმა, თქვენმა ცოლებმა რომ სხვისი ქმრები აქონ: „იმის ქმარმა ის გაუკეთა, იმის ქმარმა ის უყიდა.“ გოგონებმა წარმოიდგინეთ, რომ გითხრათ ქმარმა: „იმის ცოლმა ეს გააკეთა.“ ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი. ყოველთვის ვექტორი მოიტრიალე საკუთარი თავისკენ. შენ გესიამოვნებოდა ეს?! თუ არა, მაშინ სხვასაც ნუ ეტყვი იმავეს.“

„არათუ შედარება, სხვისი ქებაც კი გამაღიზიანებელია, თუ ეს ქება გადაცდა ზღვარს. როდესაც მე გაუთავებლად ვაქებ სხვას, ამით შენ გეუბნები, რომ არ ვარგიხარ. შენ რომ ღიზიანდები, გეტყვი: რა არ მაქვს უფლება, რომ სხვა ვაქო? ამაში ფუჭდება და წყალში იყრება ყველა ის სიკეთე, თუ რამე გამიკეთებია. წამოძახება, რომ მე შენი გულისთვის ეს გავაკეთე, არ შეიძლება. „მე შენი გულისთვის, დედიკო, არ გავთხოვდი და ღამეებს გითენებდი.“ ბავშვი გეტყვის: „გათხოვილიყავი“ და გეწყინება. თუ არ გათხოვდი, ხომ შენი არჩევანი იყო, ბავშვი რა შუაშია?!“- აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო:​ SDMI Georgia

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად