Baby Bag

ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის აღზრდისას რიგ შემთხვევებში მშობლის მხრიდან სიმტკიცის გამოჩენასა და ბავშვისთვის მკაცრი მოთხოვნების წაყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ბავშვი რომ ფანჯარაზე დადგება, ხომ არ დაუწყებ საუბარს: „ხომ არ ჩამოხვიდოდი, შვილო?!“ პირდაპირ ჩამოსვამ. ბავშვს რომ ნარკოტიკს დაუნახავ... რაღაცები არის, რაზეც მკვეთრი ქირურგიული გზები არის საჭირო.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვთან ძალის დემონსტრირება ცემა-ტყეპას ან ყვირილს არ გულისხმობს:

„ერთმა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, ჩვენ ევროპაში გამოვალაყეთ ბავშვები საუბრითო. ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო. ა​ქ ცემა-ტყეპა არ იგულისხმება, არც ყვირილი. აქ იგულისხმება ქცევა. თუნდაც თვალის თვალში გაყრა ერთ სიმაღლეზე, ზოგჯერ ხელის მოკიდება, ოდნავ მოჭერა და თვალებში ყურება, ხმის დაწევა, განა აწევა, რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეუბნები.“

„თვალის კონტაქტი მაქვს ბავშვთან, სხვაგან კი არ ვიყურები. სხვას კი არ გადარებ, ჩემს ბავშვობას კი არ გადარებ. პირდაპირ რაღაცას მოვითხოვ შენგან. რატომ? 18 წლამდე ჩემი პასუხისმგებლობაა შენი სიცოცხლე. ის, რაც სიცოცხლეს და მორალს ეხება, ის, რამაც შეიძლება ადამიანი დაღუპოს, აქ მშობელი ფუნქციონირებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაყინულ ბოსტნეულსა და ხილში 30 %-ით იკარგება ვიტამინების შემცველობა,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ვიტამინების დეფიციტისა და ჰიპერვიტამინოზის (ვიტამინების ჭარბი რაოდენობა) შესახებ საუბრობს:

„ძალიან ხშირად მშობლები მიდიან აფთიაქებში და თავიანთი შეხედულებით არჩევენ ვიტამინებს. ჰიპოვიტამინოზზე საშიში ჰიპერვიტამინოზია. ჰიპერვიტამინოზის დროს უამრავი კლინიკური ნიშანი, შეიძლება, გამოვლინდეს. პანდემიის პერიოდში მშობლები თვითნებურად წყვეტდნენ, რომ ბავშვებისთვის მიეცათ C ვიტამინი იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, ბავშვები მას მუჭებით სვამდნენ. C ვიტამინი ძალიან სასარგებლოა, ის ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებში იღებს მონაწილეობას, ანტიოქსიდანტია და ორგანიზმიდან გამოაქვს თავისუფალი რადიკალები,  სისხლძარღვების კედელს ამაგრებს, ქოლესტერინის შემცირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. მიუხედავად ამისა, მისმა ჭარბმა დოზირებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აღგზნება, უძილობა, ინსულარული აპარატის მოშლილობა. ყველაზე საშიში ის არის, რომ შეიძლება C ვიტამინის ჭარბი დოზირება შარდკენჭოვანი დაავადებების განვითარების მიზეზად იქცეს.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა D ვიტამინი რეგულარულად უნდა მიიღონ:

„D ვიტამინი საკვებიდან მიიღება არააქტიური ფორმით და მზის სხივებისგან უნდა მოხდეს მისი მიღება. 2 წლამდე ასაკის ბავშვები რეგულარულად იღებენ D ვიტამინს. დღეს D ვიტამინი არ არის მხოლოდ D ვიტამინი, ის არის D ჰორმონი, იმიტომ, რომ ის უჯრედულ დონეზე ორგანიზმის გაჯანსაღების პროცესში იღებს მონაწილეობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში შარშან დასრულდა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ არსებობს სეზონური აფექტური აშლილობები, რომლებიც D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდება. დღეს მზე და ინსოლაცია ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით არ შეიძლება. ასეთ სიცხეში, თუნდაც დილას, ბავშვს მზეს ვერ შეაფიცხებ. ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს ბავშვი დილა-საღამოს შეფიცხებული მზეს, რომ D ვიტამინის დოზის ნახევარი მაინც გამომუშავდეს. აქედან გამომდინარე, ორ წლამდე ასაკის ბავშვებს რეგულარულად ვაძლევთ D ვიტამინს, უფრო მოზრდილ ბავშვებს კი სეზონურად, შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში.“

ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, რომ ვიტამინების დიდი ნაწილი იშლება და იკარგება, თუ მათი შენახვის წესებს არ ვიცავთ:

„C ვიტამინი ძალიან მალე იშლება მზის სხივის მეშვეობით, ასევე მარტივად იშლება B და A ვიტამინი. A ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია, მას ზრდის ვიტამინსაც ვეძახით. A ვიტამინი დიდი რაოდენობით გვხვდება რძეში, რძის პროდუქტებსა და ხორცში. წყალში ხსნადი ვიტამინებია C ჯგუფი და B ჯგუფი, ხოლო ცხიმში ხსნადია A, D, E და K ვიტამინები. თუ ადამიანმა დაიჩივლა, რომ მას სახსრები და სწრაფი დაღლა აწუხებს, თუ ყველაფერი წესრიგში აქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ B1 ვიტამინის ნაკლებობა აქვს. B12 ვიტამინი მხოლოდ ხორცსა და თევზშია, მაგ. სკუმბრიაში, რომელიც ბავშვებს არ უყვართ. ხშირად მინახავს, რომ C ვიტამინი მზეზეა მოთავსებული, C ვიტამინი მზეზე იშლება. რძე დუღილის პროცესში A ვიტამინს კარგავს, ვიტამინების 50 % მაცივარში 3 დღეზე მეტხანს შენახვისას იშლება. ბოსტნეულისა და ხილის გათლის შემთხვევაში ვიტამინების დიდი რაოდენობა იკარგება. სათბურში მოყვანილი ბოსტნეული შედარებით ნაკლებ ვიტამინებს შეიცავს, ვიდრე ბაღჩასა და ბოსტანში მოყვანილი. გაყინულ ბოსტნეულსა და ხილში 30 %-ით იკარგება ვიტამინების შემცველობა.“

„ყველა ვიტამინის გამოკვლევა შეიძლება სისხლში. კვლევები ტარდება კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე. თუ კლინიკური სიმპტომების გამომწვევი სხვა ყველა დაავადება გამოირიცხა, რომლითაც, შესაძლოა, ინიღბებოდეს ჰიპოვიტამინოზი, ამის შემდეგ ვვარაუდობთ ვიტამინების ნაკლებობას. მთავარი არის ბავშვის კვება. თუ მშობელი გვეუნება, რომ ბავშვი არ იკვებება, არ არის ფიზიკურად აქტიური, ჰიპოვიტამინოზის რისკი მაღალია. დღეს სწრაფი კვების ობიექტებში ბავშვები ხშირად მიირთმევენ საკვებს, ვერ იღებენ ვიტამინებს, ხილს, ხორცს. ასევე ეკრანდამოკიდებულ ბავშვები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ცუდად იკვებებიან, არიან ჰიპოდინამიურ მდგომარეობაში. არის საუბარი იმაზე, რომ მძიმე მეტალები გამომუშავდება ეკრანის წინ, ეს ბავშვის ორგანიზმის ეკოლოგიურ დაბინძურებას იწვევს,“ - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად