უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ,“- ფსიქოთერაპევტი მერი გელაშვილი
ფსიქოთერაპევტმა მერი გელაშვილმა ბავშვებზე ომთან დაკავშირებული ნეგატიური ინფორმაციის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:
„ექვს წლამდე ბავშვთან როდესაც ვსაუბრობთ, მან შეიძლება ინტერესის დასაკმაყოფილებლად დასვას კითხვა და არ ღელავდეს. შეიძლება პირიქით, დიდი შფოთვა ჰქონდეს და ამაზე არ ლაპარაკობდეს. ამიტომ გამოვკითხოთ, როგორ გრძნობენ თავს. ცოტა უფრო დიდ ბავშვებს, შეგვიძლია ვესაუბროთ როგორც დიდებს. არ უნდა გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოცია. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებთ ყველაფერს.“
მერი გელაშვილის თქმით, უფროსებმა დოზირებულად უნდა მოუსმინონ ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას:
„ყველა ოჯახში დღეს ჩართულია ტელევიზორი. იმ წამს ბავშვი არ გამოხატავს, რომ ნერვიულობს. დოზირება მართებთ უფროსებს. მუდმივ რეჟიმში ეს ეკრანი მათზე ნეგატიურად მოქმედებს. უკვე შეიმჩნევა ტრავმული თამაშები. ბავშვები უკვე რუსობანას და უკრაინელობანას თამაშობენ და ომის თამაშში გადატანას ცდილობენ. ეს ჭარბი ნეგატიური ინფორმაციის შედეგია.“
„შეიძლება იყოს ჩაძინების სირთულე, მადის დაქვეითება ან მოზღვავება. თვალსაჩინო ფსიქოსომატური სიმპტომია მუცლის, თავის ტკივილი. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ემოციის აკუმულირება მოხდა, რომლის გადამუშავებას ის ვერ ახერხებს. ბევრი უნდა ვესაუბროთ ამაზე. აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ეს დასრულდება. უფრო ხშირად სიკეთე იმარჯვებს,“- აღნიშნულ საკითხზე მერი გელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.