Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ მოსამსახურედ აღქმული და მისი პიროვნება, მისი თვითრეალიზების სურვილი გათელილი,“- ინგა ბლესსი

ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა ქალის თვითრეალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ პრობლემებს გაუსვა ხაზი, რომელსაც ქალბატონები ამ გზაზე აწყდებიან:

„დანაშაულის გრძნობა ბავშვებთან მიმართებაშიც მოდის ამ ტრადიციებიდან, რომ „რა დედა ხარ შენ, შენს შვილებს ყურადღებას აკლებ და სადღაც რაღაც ფულისთვის მუშაობ, იმის მაგივრად, რომ სახლში იჯდე სოკოსავით.“ ბავშვისთვის მთავარი არის ბედნიერი დედა, სრულფასოვანი დედა, შემდგარი დედა. ბედნიერ დედას ჰყავს ბედნიერი ბავშვები. განადგურებულ, დასტრესილ, არათვითრეალიზებულ დედას ჰყავს დასტრესილი და დანევროზებული ბავშვები. ჩვენ არ გვაქვს ამის კულტურა და მაგალითი, როგორ გავატაროთ ბავშვებთან დრო ხარისხიანად. დედაც და შვილის სახლში ვართ, ის თავის კომპიუტერშია ჩაყირავებული, მე სადილებს ვხარშავ თუ იატაკს ვწმენდ, ეს არ არის სრულფასოვანი ურთიერთობა. გამოყავით 15 წუთი, ერთი საათი, სადაც ბავშვთან იქნება გულიდან გულში საუბარი, ეთამაშეთ მისთვის საყვარელი თამაში. კვირის განმავლობაში 2-3 საათი გამოყავი, რომ შენს შვილთან ერთად წახვიდე სადმე, გაისეირნო, აქტიური დასვენების სახეობებს მიმართო.

თვითრეალიზაციის არარსებობა, რომ ქალებში იწვევს ნევროტიზაციას, ამაზეც ნურავინ ნუ შემედავება. ათასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია. თითქოს არ შია, თითქოს მოგზაურობა, ნებისმიერი ფასის ტანსაცმელს იყიდის, ერთი ძიძა, მეორე დამლაგებელი, მაგრამ თვითრეალიზაციის არარსებობა ნებისმიერ ადამიანს ანგრევს. ეს იწვევს დეპრესიას, ნევროტიზაციას. აქვე თავს იჩენს საზღვრების დაცვის პრობლემა. მე რაღაც მინდა, რაღაც გადავწყვიტე და ჩემი ოჯახის წევრი ხელს მიშლის ამაში. ზოგადად საზოგადოების პრობლემაა, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახისა და შვილების განკარგულებაში ყოველთვის, მათ ემსახუროს. მას თვითონ რა უნდა, რა უხარია, უნდა თვითრეალიზება, არ უნდა თვითრეალიზება, ეს არავის აინტერესებს. აღარ არის ეს ასე! კაცებო, თქვენც შეიგნეთ, რომ ქალი არის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ოჯახის სრულფასოვანი საყრდენი. ქალებს გვეშლება ხელი, რომ ვიყოთ თვითრეალიზებულები. ქალი არის ოჯახში მოსამსახურის როლში. ის თავის ოჯახს ემსახურება. მინდა, სწორად გაიგოთ. ამ მსახურებაში არაფერი სათაკილო და ცუდი არ არის. ყველა ჩვენგანი, ქალიც, კაციც, ვემსახურებით ჩვენს ოჯახში ერთმანეთს, შვილებს. მეორეს მხრივ, ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ მოსამსახურედ აღქმული და მისი პიროვნება, მისი თვითრეალიზების სურვილი გათელილი,“- აღნიშნა ინგა ბლესსმა.

წყარო: ​IBEL Academy

წაიკითხეთ სრულად