უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ჩავუდოთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და ათამდე დავთვალოთ,“- ევგენი კომაროვსკი ნაყინის მეშვეობით იმუნიტეტის გაძლიერების საინტერესო მეთოდის შესახებ
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ნაყინის დახმარებით ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერების საინტერესო მეთოდზე ისაუბრა:
„ნაყინი რეგულარულად უნდა მიირთვათ. პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ნუშურა ჯირკვლებზე სიცივის რეგულარული ზემოქმედება. ნაყინი არა თვეში ერთხელ, არამედ რეგულარულად უნდა მიიღოთ. მეთოდოლოგია შემდეგია: წავიდეთ, შევიძინოთ ერთი კილოგრამი თეთრი ნაყინი და დავიწყოთ მკურნალობა. ჩავუდოთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და ათამდე დავთვალოთ. ამის შემდეგ ბავშვს შეუძლია ნაყინი გადაყლაპოს. დღეში სამჯერ ერთი ჩაის კოვზი ნაყინი საკმარისია.“
პედიატრმა მშობლებს მოუწოდა ნაყინის დაბალი ტემპერატურის არ შეეშინდეთ. მეორე დღეს მშობლებს შეუძლიათ ბავშვს უკვე ორი კოვზი ნაყინი შესთავაზონ დღეში ერთხელ.
ევგენი კომაროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიური და მოძრავი ბავშვისთვის ნაყინის კალორიების წყაროდ გამოყენება ნებადართულია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სახლში ზის, დღის უმეტეს ნაწილს უძრავ მდგომარეობაში ატარებს და ჭარბი წონა აწუხებს, მასთან მსგავსი ტიპის ტკბილეულის გამოყენება რეკომენდებული არ არის.