მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ბარბარობას ბევრ ოჯახში ლობიანების ცხობით აღნიშნავენ. რამდენად სწორია ეს ტრადიცია და რა კავშირშია იგი დღესასწაულთან, ამის შესახებ დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი საუბრობს:
„ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს-ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება-აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.
კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის-ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმინდა ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია.“
წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.
ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, რომ ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის, ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა.
წმინდა ბარბარეს თავი დიოსკორემ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. მას ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.
წმინდა ბარბარეს წმინდა წმიდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.
წყარო: ambioni.ge