Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთადერთი გზა, რომ როგორმე გამოვასწოროთ მდგომარეობა, არის ახალი მექანიზმების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში,“ - ივანე ჩხაიძე

„ერთადერთი გზა, რომ როგორმე გამოვასწოროთ მდგომარეობა, არის ახალი მექანიზმების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრი ივანე ჩხაიძე საქართველოში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა ვაქცინაციის პროცესში ახალი მექანიზმების ამოქმედებაა:

​ერთადერთი გზა, რომ როგორმე გამოვასწოროთ მდგომარეობა, არის ახალი მექანიზმების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში. ეს მექანიზმი შეიძლება იყოს ან სავალდებულო ვაქცინაცია შერჩეულ ჯგუფებში, ან კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ერთი სერიოზული რესურსი, რაც გულისხმობს მწვანე პასპორტების ამოქმედებას.“

„ეს არის შესაძლებლობა, რომ ​ყველა ადამიანმა, ვინც ჩაიტარა ვაქცინაცია, შეუზღუდავად მიიღოს ნებისმიერი სერვისი, რომელიც ხორციელდება დახურულ სივრცეში. ეს იქნება კინო, ეს იქნება თეატრი, კონცერტი, რესტორანი, ბარი, არ აქვს მნიშვნელობა. მათთვის ეს სივრცე უნდა იყოს თავისუფალი. თუ საკოორდინაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე ამ საკითხებს განიხილავს, ეს იქნება კარგი. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ რომელიმე გადაწყვეტილებას მიიღებს,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პირველი არხი“

წაიკითხეთ სრულად