Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი სხვას სათამაშოს თუ არ ათხოვებს, აქ სიძუნწე არაფერ შუაშია, ეს სიძუნწე არ არის,“- ნანა ჩაჩუა

„ბავშვი სხვას სათამაშოს თუ არ ათხოვებს, აქ სიძუნწე არაფერ შუაშია, ეს სიძუნწე არ არის,“- ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვებში მეს" ცნობიერების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ისაუბრა და ადრეულ ასაკში ბავშვის მესაკუთრეობის პოზიტიურ მხარეებს გაუსვა ხაზი:

„მეს ცნობიერების ჩამოყალიბება ხდება სამი წლის ასაკიდან. „ეს ჩემია, მე ვარ მე“ - ეს განცდა მაქვს. როგორც კი მე ვარ მე, უკვე მაქვს პასუხისმგებლობა. ორი წლიდან იწყება ჯიუტობის ხანა. ხშირად მშობლები ბავშვებს ეუბნებიან: „მიეცი, ათხოვე, შენი მეგობარია.“ ბავშვი ამბობს, რომ არა, ეს ჩემია. ეს თუ ჩემია, ე.ი. მე ვარ. ისე ჰაერში ვარ, ასეთი რამ არ ხდება. ეს ჩემია, არ მოგცემ. ე.ი. მე ვარ. პატარა ბავშვი გაიხსენეთ. ერთი თვის ბავშვი ხელებს აკვირდება. შეცნობა იწყება.“

ნანა ჩაჩუას თქმით, როდესაც ბავშვი სათამაშოს ვერ თმობს, მშობელი უნდა ჩაერთოს და ბავშვებს შორის მედიატორის ფუნქცია იკისროს:

​როდესაც ბავშვი ამბობს: „ეს ჩემია,“ ჩვენ უნდა ვუთხრათ: „ხო, ეს შენია, მოდი, ვითამაშოთ.“ შენც უნდა ჩაერთო იმ თამაშში. შენ იქნები მძღოლი, მე ვიქნები მგზავრი, წავიყვანოთ ის ბავშვიც მგზავრად? მაშინვე უნდა იყოს ჩართულობა. ეს 2 წლიდან ოთხ წლამდე გრძელდება. ბავშვი სხვას სათამაშოს თუ არ ათხოვებს, აქ სიძუნწე არაფერ შუაშია. ეს სიძუნწე არ არის. “

„როდესაც ბავშვი სათამაშოს ართმევს სხვას, ძალიან კარგია. ის ამბობს: „ეს, მე მინდა.“ მშობელმა არ უნდა უთხრას: „ეს შენია,“ მაგრამ უნდა უთხრას: „ძალიან გინდა, ხომ? მოდი, ვითამაშოთ.“ ვკითხოთ მეორე ბავშვს, რა ჰქვია, ვუთხრათ ჩვენი შვილის სახელი. ვუთხრათ: „ვითამაშოთ? დედა ვინ იქნება?“ უნდა ჩაერთოთ თქვენც. თუ თქვენ ჩაერთვებით, ყველაფერი გამოგივათ,“- აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად