Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედამ მითხრა: როდესაც ბავშვებთან არ არის დედა, მათ ღმერთი უფრო იფარავთო… საოცარი სიმშვიდე ჩადგა ჩემს გულში,“- ნათია ფანჯიკიძე

„დედამ  მითხრა: როდესაც ბავშვებთან არ არის დედა, მათ ღმერთი უფრო იფარავთო… საოცარი სიმშვიდე ჩადგა ჩემს გულში,“- ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ შვილების გამო დედების გადაჭარბებული შფოთვის პრობლემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჭარბ შფოთვას არანაირი სარგებელი არ მოაქვს:

„ძალიან იშვიათად ვტოვებდი შვილებს სადმე. თუ დედასთან დავტოვებდი ცოტა ხნით, დ​იდი ფორიაქით ვუწერდი რვეულში: ამდენი უნდა ჭამონ, ამდენს ხანს იყვნენ ჰაერზე... ეტყობა, დედაჩემი ამაზე ძალიან წუხდა. ერთ დღესაც, რომ შეამჩნია დედამ, რომ ვტოვებ ბავშვებს, მაგრამ ვერ ვტოვებ, მაქვს ზედმეტი შფოთვა, მითხრა სიტყვები, რომელიც რჩევაც არ იყო. ეს იყო შთაგონება, რომელიც მე მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. როგორც მაშინ დავმშვიდდი, იმის მერე რომ გადავკოტრიალდი, მძინავს, როდესაც შვილები სახლში არ არიან. დედამ მითხრა: როდესაც ბავშვებთან არ არის დედა, მათ ღმერთი უფრო იფარავთო. საოცარი სიმშვიდე ჩადგა ჩემს გულში.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, დედებმა მეტი ნდობა უნდა გამოიჩინონ კეთილი ანგელოზების მიმართ:

„დავიწყე ფიქრი, მე რომ ვინმემ ვიღაც ჩამაბაროს და არ მენდოს, ყოველ წუთას შემამოწმოს, ხომ მეწყინება? თქვენი კეთილი ანგელოზები ძალიან გაბრაზდებიან, თუ არ ენდობით. რაც უფრო მშვიდი და აუმღვრეველია ჩვენი მცირე გრავიტაციის ველი, მით უფრო კარგად მიდის ჩვენი ცხოვრება.“

„ჩემს შვილებს თუკი თავი გაუტეხავთ, ხელი გადაუჭრიათ, ყველაფერი ჩემს თვალწინ. უკან მივდევდი და მაშინ გაანგრია ჩემმა შვილმა შუშა. ვერასდროს ვერ ვიცავთ ადამიანს, როდესაც მას ხიფათი უნდა გადაეყაროს.​ როდესაც დედა ბევრს შფოთავს, ამ შფოთვას ღვრის შვილში. შვილი ფაქტობრივად განწირული ხდება მარცხისთვის,“ - აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

წყარო: ​Civic Initiative

წაიკითხეთ სრულად