Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოზღვავება მოხდა პაციენტების, ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მოზღვავება მოხდა პაციენტების, ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმ პანიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც საზოგადოებაში ახალი სინდრომთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. მისი თქმით, სადღესასწაულო პერიოდში ხშირია ნაწლავური ინფექციები, რაც მშობლებში პანიკას კიდევ უფრო აძლიერებს:

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოში დაიწყო სწორედ წინასაახალწლო პერიოდში. სწორედ იმ დროს, როდესაც სახეზე გვაქვს მეტ-ნაკლებად კვებითი ტოქსიკური ინფექციები. ერთმანეთს დროში დაემთხვა ცხელებით მიმდინარე ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები და ​ახალი სინდრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად შეზღუდვისა ჩვენი მოსახლეობა მაინც ერთმანეთთან მიდიოდა. შესაბამისად კვებითი ინფექციის რამდენიმე შემთხვევა მე პირადად მქონდა.“

თემურ მიქელაძის თქმით, შემთხვევათა 100 %-ში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს:

„ამ ინფორმაციის გავრცელების მეორე დღიდან წარმოიქმნა პანიკა. ყველა კოვიდგადატანილმა თუ არგადატანილმა პაციენტმა დაიწყო ექიმთან მიმართვა. მე მინდა ავღნიშნო, რომ ორ პაციენტს, რომელსაც ახალი სინდრომი დაუდგინდა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა კოვიდის. უბრალოდ კვლევით დადგინდა, რომ ჰქონდათ ანტისხეულები. მკაცრად უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, თუ რა არის ეს სინდრომი:​ პირველი ნიშანი არის ცხელება, ის 100 % შემთხვევაში უნდა იყოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს. ცხელება უნდა იყოს მინიმუმ 4-6 დღე და ზემოთ. ცხელება მაღალია, 38,5-ზე ზემოთ. ის ძნელად ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს. მეორე კლინიკური სიმპტომი შეიძლება იყოს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, დიარეა, ღებინება.“

თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ახალი სინდრომის გამოვლენისას პროცესში ორი ან მეტი ორგანო უნდა იყოს ჩართული:

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს ჩართული უნდა იყოს ორი ორგანო და ზემოთ. აქ უნდა იყოს გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ა.შ. შემდეგი ნიშანი არის ლორწოვანი გარსის ჩართულობა, სტომატიტები, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ლეთარგია, მივარდნილია პაციენტი, კიდურების შეშუპება და გამონაყარი. ​ეს არის ძირითადი სიმპტომები. აუცილებელია, რომ ორზე მეტი სიმპტომი ერთად გვქონდეს.”

„მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. პირველივე დღესვე თუ არ დაისვა დიაგნოზი, არ დაზიანდება ღრმად კორონარები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ისე, რომ ჩვენ ვერ მოვასწროთ მკურნალობა. დროულად, სწორად წარმართული მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი არის კეთილსაიმედო. ასეთი ინფორმაცია სწორად უნდა მივაწოდოთ ადამიანებს. ​მოზღვავება მოხდა პაციენტების, 9 საათი ხომ კომენდანტია და მიწევდა ხელით საშვების წერა. ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული. ახალი წლის პერიოდს დაემთხვა ღებინებაც, დიარეაც, . ეს ყველაფერი რომ მულტისისტემურ ანთებით სინდრომს დაუკავშიროთ, ეს ასე არ არის. მთელი წლის განმავლობაში 21 წლამდე ასაკის ადამიანებში უნდა იყოს 70 შემთხვევა. დროული მკურნალობის შემთხვევაში ყველა 100 %-ით გამოჯანმრთელდება. “ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად