Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინდოეთში ორიდან თვრამეტ წლამდე ყველა აცრეს და ამ აცრის შემდეგ მიიყვანეს ბავშვები სასწავლებელში,“ - დევი ტაბიძე

„ინდოეთში ორიდან თვრამეტ წლამდე ყველა აცრეს და ამ აცრის შემდეგ მიიყვანეს ბავშვები სასწავლებელში,“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ საქართველოში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და მოსახლეობის პასიურობის შესახებ ისაუბრა:

„მაინცდამაინც უნდა გაიზარდოს რაოდენობა და სამწუხაროდ გაიზარდოს გარდაცვალების ციფრი, რომ მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში?! ეს ძალიან ცუდია. თუ ჩვენ ამის მეტი თვითშეგნება არ გაგვაჩნია, ეს კიდევ უფრო უარესია. ​როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 60, 80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?“

დევი ტაბიძის თქმით, ადამიანებს შემსუბუქების პერიოდში ავიწყდებათ პანდემიით გამოწვეული პროცესების სირთულე:

„შემსუბუქების პერიოდში ადამიანებს ავიწყდებათ ამ პროცესების სირთულე. როგორც კი ეს პროცესები თავის ძალიან ცუდ კალაპოტში დგება და შედეგებიც შესაბამისად ცუდია, მაშინ ახსენდებათ ადამიანებს, რომ თურმე ვაქცინაცია საჭიროა. სხვა მეთოდი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.“

„დღეს დილით მე თვითონ ვუსმენდი და ვნახე ინფორმაცია ინდოეთთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ცნობას მოგაწვდით. ​ორიდან თვრამეტ წლამდე ყველა აცრეს და ამ აცრის შემდეგ მიიყვანეს ეს ბავშვები სასწავლებელში. აცრილია პედაგოგების 87 %. მათ მისცეს გაკვეთილების ჩატარების უფლება. მე ინდოეთს არ ვედრები, რა თქმა უნდა, ჩვენი ციფრები სხვაა. იქ ექვს მილიონამდე ადამიანი იცრება ყოველდღე,“ - აღნიშნულ საკითხზე დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

წყარო: ​„მედიაცენტრი მთავარი“

წაიკითხეთ სრულად