Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის, რაც საქართველოში დატრიალდა ნოემბერსა და დეკემბერში, ასეთი ძლიერი ტალღა წესით აღარ უნდა იყოს,“ - მაია ბუწაშვილი

„ის, რაც საქართველოში დატრიალდა ნოემბერსა და დეკემბერში, ასეთი ძლიერი ტალღა წესით აღარ უნდა იყოს,“ - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მოსახლეობაში ვაქცინაციისადმი მზაობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები აქტიურად ვრცელდება:

„ალბათ, მოსახლეობის ნახევარი აპირებს ვაქცინის გაკეთებას. არ დაგვავიწყდეს ის ნაწილიც, რომელმაც უკვე გადაიტანა კოვიდი. ​ეს ადამია​ნები პირველი რიგის ასაცრელთა კონტიგენტში არ მოხვდებიან და არც არის ამის აუცილებლობა. ადამიანებს სულ ეჩვენებათ, რომ რაღაცას უმალავენ. ბევრი შეთქმულების თეორია ტრიალებს. თუ ზუსტად ავუხსნით, რა ვიცით, რა არ ვიცით, სასწორი რომელ მხარეს იხრება. ზოგიერთი ჯგუფისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ესეთი აქცენტები ძალიან მკაფიოდ, გამჭვირვალედ უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი არჩევანის სწორად გაკეთება.“

მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები ძალიან იშვიათია:

„კორონავირუსზე ილუზია, რომ სრულად მყარ იმუნიტეტს იძლევა არ გვაქვს. 7-8 თვე არის კვლევების ვადები, რა ხანგრძლივობით არსებობს ინფორმაცია. უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა. ფაქტი ის არის, რომ რეინფექციები ძალიან ხშირი მაინც არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელახლა იყო სიმპტომები და ტესტიც ხელახლა დადებითია, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას. ნამდვილად დადასტურებული რეინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევაა დადასტურებული. რაც ჯერ ვიცით, შეიძლება იყოს უფრო მსუბუქი და უფრო მძიმე შემთხვევებიც.“

მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოში ნოემბერ-დეკემბერში მოხდა, სავარაუდოდ, არ განმეორდება:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ​ის, რაც საქართველოში დატრიალდა ნოემბერსა და დეკემბერში, იმედი გაქვს, რომ არ უნდა განმეორდეს, თუნდაც იმიტომ, მოსახლეობის მინიმუმ მეხუთედი მაინც ანტისხეულებს ატარებს. რაღაც წრეში ერთ ადამიანს მაინც თუ აქვს ანტისხეულები, იმაზე მაინც წყდება გადაცემა და ის აღარ ხდება წყარო. ასეთი ძლიერი ტალღა წესით აღარ უნდა იყოს, ამის იმედი გვაქვს.“

„სავარაუდოდ ეს პანდემია ყველაზე გრძელი იქნება. იმის საფუძველი, რომ დასასრული ძალიან სწრაფად გამოცხადდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, არ ჩანს.​ ჯერჯერობით პროგნოზირებაც კი არ შეგვიძლია, რომ დარჩა მაგალითად, ​თვეები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად