Baby Bag

ყველასთვის საოცნებო სამსახური - ბრიტანული კომპანია ახალ თანამშრომელს 50 000 ფუნტ სტერლინგს საჩუქრად გადასცემს, ანაზღაურების სახით კი 35 000 ფუნტ სტერლინგს სთავაზობს

ყველასთვის საოცნებო სამსახური - ბრიტანული კომპანია ახალ თანამშრომელს 50 000 ფუნტ სტერლინგს საჩუქრად გადასცემს, ანაზღაურების სახით კი 35 000 ფუნტ სტერლინგს სთავაზობს
სამსახურის მაძიებლებს ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია წარმოუდგენელ პირობებს სთავაზობს: 50 000 ფუნტი სტერლინგი საყიდლებისთვის საჩუქრად, 35 000 ფუნტი სტერლინგი ანაზღაურების სახით, ამასთან დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ახალ თანამშრომელს სავარძლიდან წამოდგომაც კი არ დასჭირდება.

ცნობილი ინტერნეტ მაღაზია OnBuy.com ახალ კადრს ეძებს. წარმატებულ კონკურსანტს საჩუქრის სახით 50 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა, რომელიც მან საიტიდან სხვადასხვა ნივთის შეძენაში უნდა დახარჯოს. ახალი თანამშრომელი არჩევანში სრულებით თავისუფალია. მას შეუძლია აღებული ფულით ტექნიკა, სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები ან სასმელი შეიძინოს.

იღბლიანი კანდიდატი ყველა შეძენილ ნივთს თავის საკუთრებაში იტოვებს. კომპანიის ბოსები მისგან მხოლოდ იმას მოითხოვენ, რომ პროდუქტებზე მიმოხილვები დაწეროს, ინტერნეტ მაღაზიის ხარვეზები გამოავლინოს და საკუთარი სავაჭრო გამოცდილების შესახებ ანგარიშები მოამზადოს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებაში ნათქვამია: „წარმოიდგინეთ, რომ ხელფასს გიხდიან თქვენი ოცნებების ასრულებაში. თქვენ გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით. ინტერნეტ მაღაზია Onbuy.com შოპაჰოლიკებს საოცარ სამსახურს გთავაზობთ. თქვენ გეძლევათ 50 000 ფუნტი სტერლინგი, რომელიც საყიდლებზე უნდა დახარჯოთ. იშოპინგეთ მანამ, სანამ დაღლისგან გული არ წაგივათ. ამას გარდა, ანაზღაურების სახით 35 000 ფუნტ სტერლიგნსაც მიიღებთ. რაც მთავარია, ყველა შეძენილი ნივთი თქვენთან რჩება. თქვენ მხოლოდ წერილობით აფასებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ყიდულობთ. წარმოიდგინეთ, რომ კარდაშიანი ხართ, მაგრამ უფრო მოქნილი გრაფიკი გაქვთ და არც კენიზე დაოჯახება გევალებათ. აუცილებელია, რომ ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების შეძენის ხანგრძლივი გამოცდილება გქონდეთ და შოპინგი გიყვარდეთ. თქვენ დისტანციურად იმუშავებთ და თავისუფალი გრაფიკი გექნებათ.“

Onbuy.com- ის დირექტორის თქმით, კომპანია მომხმარებლის აზრს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „ეს ვაკანსია იმიტომ გამოვაცხადეთ, რომ კომპანიაში არსებული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და მომხმარებლის რჩევები გავითვალისწინოთ. ამისთვის საკმაოდ დიდი თანხები გამოვყავით. ეს ყოველივე კი შესაძლებლობას მოგვცემს, უკეთ გავერკვეთ ჩვენი კლიენტების სურვილებსა და ინტერესებში.“ - ნათქვამია კომპანიის დირექტორის განცხადებაში.

მომზადებულია ​​thesun.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედები​ს ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის,“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

„ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის,“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე

ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ხორცის სწორად მომზადებისა და მიღების წესებზე ისაუბრა, რათა მისგან ორგანიზმმა რკინა მაქსიმალურად შეიწოვოს:

„რაოდენობრივად 100 გრამი პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს საქონლის წითელი ხორცი, საქონლის ენა. ხორცი უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. მისი მომზადების პროცესში არ უნდა მოხდეს რკინის გარეთ გამორეცხვა. 100 გრამი ხორცის მიღება გაცილებით ადვილია, ვიდრე დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მიღება.“

ნინო შარაშენიძის თქმით, ხორცის მომზადების ორი მარტივი წესი არსებობს:

„მომზადება ძალიან მარტივია.​ არსებობს ხორცის მომზადების ორი მარტივი წესი. თუ გინდათ, რომ ბულიონი გამდიდრებული იყოს ნივთიერებებით, ხორცი უნდა ჩადოთ ცივ წყალში, რომ დუღილის პროცესში ეს ნივთიერებები ბულიონში გამოირეცხოს. თუ იღებთ ხორცს, როგორც სამკურნალო საშუალებას, სჯობს ჩადოთ ცხელ წყალში და ისე მოხარშოთ. საერთოდ ხორცის ნახარში და ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. თუმცა არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლის დროსაც პროტეინებით მდიდარი ბულიონი ენიშნება ხოლმე პაციენტს.“

„ბულიონის ნახარშის გამოცვლა ხორცის კვებით ღირებულებაზე საერთოდ არ მოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ ბულიონს ხუთჯერ გამოუცვალოთ წყალი. მთავარია, რომ ის ყველა გამოცვლის დროს ცხელ წყალში მოათავსოთ,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო შარაშენიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად