Baby Bag

როდიდან აღარ სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის?

როდიდან აღარ სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის?

ბავშვებს ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა რიტუალი ძალიან უყვართ. თოვლის ბაბუის მოსვლა და ახალ-ახალი საჩუქრების მიღება პატარებს სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო უმაღლებს. მშობლები ვერ ხვდებიან, რა ასაკამდე უნდა გაანებივრონ შვილები თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრებით და როდის უნდა უთხრან მათ სრული სიმართლე მის შესახებ. ბავშვთან აღნიშნულ თემაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან თოვლის ბაბუის ჯადოსნური მითი საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს. ჩვენს სტატიაში სპეციალურ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით ბავშვს თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლეს უმტკივნეულოდ ეტყვით.

როდიდან აღარ სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ზოგიერთი ბავშვი თოვლის ბაბუის არსებობას ეჭვქვეშ 5 წლის ასაკიდან აყენებს. ზოგიერთ ბავშვს კი სასწაულის ადრეული თინეიჯერობის ასაკამდე სჯერა. ეს სავსებით ნორმალურია. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ბავშვი თოვლის ბაბუასთან გამომშვიდობებისთვის მზად არ არის, მას ნუ დააჩქარებთ. ბავშვების რწმენაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ოჯახში გამეფებული განწყობა. თუ თქვენ პატარას ყოველ ახალ წელს თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრებით ანებივრებდით, მისი გადარწმუნება ძალიან გაგიჭირდებათ.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების 86%-ს თოვლის ბაბუის არსებობის გულწრფელად სჯერა.

როგორ ხვდებიან ბავშვები, რომ თოვლის ბაბუის არსებობა მითია?

  • თუ თქვენს მცირეწლოვან შვილს უფროსი და ან ძმა ჰყავს, ის თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვს ადრეული ასაკიდანვე შეიტანს. პატარა შეამჩნევს, რომ მისი უფროსი და ან ძმა თოვლის ბაბუის მოსვლით მასავით აღფრთოვანებული არ არის და მისთვის წინასაახალწლოდ სპეციალურ წერილებსაც არ წერს. შესაძლოა, მას თოვლის ბაბუის ჯერ კიდევ სჯეროდეს, მაგრამ გარკვეული ეჭვები მაინც შეაწუხებს.
  • თუ თქვენს შვილს მასზე უფროსი მეგობრები ჰყავს, მათი გავლენით ის თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლეს იმაზე ადრე გაიგებს, ვიდრე მისი თანატოლები.
  • ბავშვის რწმენაზე ოჯახური საუბრებიც ახდენს ზეგავლენას. თუ თოვლის ბაბუაზე ოჯახში ხშირად საუბრობთ, თქვენს შვილს მის არსებობაში ეჭვის შეტანა ძალიან გაუჭირდება. თუ პატარა ჯადოსნურ არსებას ყოველწლიურად წერს წერილებს და ახალ წელს დაპირებულ საჩუქრებს იღებს, მას თოვლის ბაბუის არსებობის მტკიცე რწმენა ექნება.

როგორ უნდა უთხრათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?

თოვლის ბაბუის შესახებ სრული სიმართლის გაგება პატარას ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ მას დიდი ხნის მანძილზე ატყუებდით, რაც საკმაოდ რთულია. თუ აღნიშნული მითის შესახებ სრული სიმართლის თქმას გადაწყვეტთ, უმჯობესია, რომ ჭეშმარიტებამდე ბავშვი საინტერესო კითხვების დასმით მიიყვანოთ:

  • ჰკითხეთ თქვენს შვილს, რას ფიქრობს ახალი წლის დღესასწაულისა და თოვლის ბაბუის შესახებ. უმჯობესია, მსგავსი კითხვებით ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართოთ. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერა თხოვოთ, ჰკითხეთ მას, რამდენად დამაჯერებელია მისთვის, რომ თოვლის ბაბუა მის წერილს მართლა წაიკითხავს და მის სურვილებს რეალობად აქცევს.
  • ბავშვთან ერთად ისეთ ფილმებს უყურეთ, რომლებშიც კარგად ჩანს, რომ მშობლები თოვლის ბაბუის ფორმას თავად იცვამენ, რათა შვილები გაახარონ და მათთვის საჩუქრებსაც თავადვე ყიდულობენ.

გახსოვდეთ, რომ თოვლის ბაბუის მოტანილი საახალწლო საჩუქრები თქვენი შვილისთვის ყოველთვის ბავშვობის საუკეთესო მოგონებად დარჩება. 

მომზადებულია momjunction.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამწუხაროდ, მშობლები ხშირად თავისდაუნებურად უხშობენ ბავშვს ნიჭს,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

„სამწუხაროდ, მშობლები ხშირად თავისდაუნებურად უხშობენ ბავშვს ნიჭს,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა მშობლების მხრიდან შვილის ნიჭის დათრგუნვის პრობლემაზე ისაუბრა და უფროსებს ურჩია, ბავშვის მცდელობები არ გააკრიტიკონ:

„ბევრი ნიჭიერი ადამიანი იკარგება. ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. პირველ რიგში, ეს არის აღზრდა. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად თავისდაუნებურად უხშობენ ბავშვს ნიჭს. რაღაც სცადა პატარამ, შეიძლება ეს არ იყოს გასაოცარი და იდეალური, მაგრამ ​ბავშვი ცდილობს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუწუნო. მით უმეტეს, რომ ის ბავშვია და უფლება აქვს, რომ იდეალურად არ გააკეთოს რაღაც. სამწუხაროდ, ეს ასე ხდება ხოლმე.“

ინგა ბლესსის თქმით, პროფესიის არჩევა მასაც ძალიან გაუძნელდა:

„მე საკმაოდ რთული გზა გავიარე პროფესიების გამოცვლის მხრივ, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა მინდოდა. 12-13 წლის ასაკში, როდესაც მოვიდა ეს ცოდნა, გადაწყვიტე და მიჰყევი ამას, ეს უკვე ბედნიერებაა. მე ეს ბედნიერება არ მქონდა, იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა მინდოდა.“

„ჩემი მშობლები ექიმები არიან, ვფიქრობდი ექიმი ხომ არ გავმხდარიყავი. მერე მივხვდი, რომ არ მინდოდა ექიმობა. ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. როდესაც ვაპირებდი, რომ ინსტიტუტში ჩამებარებინა, ეს იყო 90-იანი წლები, ვერც კი გავბედე, რომ ხმამაღლა მეთქვა, რომ ფსიქოლოგია მინდოდა. მერე დაწყებული პროგრამირებიდან, ბევრი სხვადასხვა განათლება მივიღე,“ - აღნიშნა ინგა ბლესსმა.

წყარო: ​IBEL ACADEMY

წაიკითხეთ სრულად