Baby Bag

უნდა გავაკონტროლოთ თუ არა თინეიჯერი შვილების სოციალური ქსელები?

უნდა გავაკონტროლოთ თუ არა თინეიჯერი შვილების სოციალური ქსელები?
თინეიჯერები სოციალურ ქსელებში საკუთარ ემოციებსა და განწყობებს ხშირად ღიად ​ამჟღავნებენ. მშობლებს შვილების სოციალური მედიის პლატფორმებზე დაკვირვება მათი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უამრავი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, ადამიანების ნაწილი თვლის, რომ შვილის სოციალური ქსელის რეგულარული გადამოწმება არაეთიკური ქცევაა და ბავშვის თავისუფლებას ზღუდავს.

თინეიჯერების მშობლების ნახევარზე მეტი საკუთარი შვილის სოციალურ ქსელს ჩუმად აკვირდება და ბავშვის თითოეულ აქტივობას ფარულად აკონტროლებს. ბევრი ცნობილი ადამიანი საჯაროდ აღიარებს, რომ შვილების სოციალურ ქსელებზე წვდომა აქვს და მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას მალულად ახერხებს. რამდენად გამართლებულია მშობლების მხრიდან ბავშვების სოციალური ქსელების გაკონტროლება? ბავშები სოციალურ ქსელებში ნეგატიურ თუ პოზიტიურ განწყობებს ნაკლებად მალავენ. ისინი საკუთარი განცდების გადმოსაცემად სევდიან ან მხიარულ სტატუსებს წერენ (განწყობის შესაბამისად). 12-15 წლამდე მოზარდები, რომლებიც კომპიუტერის ეკრანთან დღეში 3 საათზე მეტ დროს ატარებენ, ხშირად დეპრესიული განწყობებითა და შფოთვითი აშლილობით იტანჯებიან. სოციალური ქსელების აქტიური მოხმარება ბავშვების ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს.

სოციალური მედია პლატფორმები ბავშვის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ. მოზარდები, რომლებიც კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებენ, მომავალ პროფესიას ხშირად სოციალური ქსელების გავლენით ირჩევენ. იშვიათ შემთხვევაში ბავშვები სოციალური მედია პლატფორმების გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების შეძენასაც ახერხებენ. თინეიჯერების 45 % ხმამაღლა აცხადებს, რომ მათ ინტერნეტზე 24 საათიანი წვდომა აქვთ. ბუნებრივია, ზემოთ დასახელებული საფრთხეების გათვალისწინებით, მშობლებს საკუთარი შვილების ქცევისა და აქტივობების გადამოწმების სურვილი ხშირად უჩნდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვზე ზრუნვა და მისთვის ნებისმიერი სახის საფრთხის არიდება აუცილებელია, მშობელმა ოქროს შუალედის დაცვა უნდა შეძლოს. როდესაც სოციალური ქსელში თქვენი შვილის აქტივობების გაკონტროლებას ცდილობთ, მის პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრათ. ბავშვის სოციალურ ქსელზე დაკვირვება მისი უფლებების შელახვაში არ უნდა გადაიზარდოს.

რამდენად გამართლებულია შვილის ინტერნეტ აქტივობების ფარულად გადამოწმება?

ჯაშუშობა ადამიანის ნეგატიურ ქმედებასთან ასოცირდება. როდესაც ბავშვის აქტივობებს ფარულად აკვირდებით, ამას მისი ნებართვის გარეშე აკეთებთ, რაც მისი პირადი სივრცის უგულებელყოფაა. თქვენი შვილისთვის სიკეთე თუ გსურთ, მისი ქცევა უნდა გააკონტროლოთ, მაგრამ ჯაშუშური ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

კვირაში ერთხელ თქვენი შვილის სოციალური ქსელი აუცილებლად შეამოწმეთ. ბავშვის აქტივობების გასაკონტროლებლად ყალბი ანგარიშები არასდროს შექმნათ. თქვენი შვილი სოციალურ ქსელში დაიმეგობრეთ ან მისი ანგარიშის პაროლი ჰკითხეთ. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც მისი ქცევის გასაკონტროლებლად მიმართავთ, ბავშვთან წინასწარ უნდა შეათანხმოთ. აუცილებლად აუხსენით თქვენს შვილს, რომ მისი სოციალური ქსელის გადამოწმება მისივე ინტერესების დასაცავად გჭირდებათ. ბავშვი უნდა მიახვედროთ, რომ ყველაფერს მისი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ.

ბავშვის პირადი სივრცის უხეში დარღვევა აუცილებელი არ არის, რათა მის შესახებ ბევრი რამ იცოდეთ. თუ თქვენს თინეიჯერ შვილს შეყვარებული ჰყავს, მათ მიმოწერას ნუ წაიკითხავთ. სოციალურ ქსელზე დაკვირვებით მარტივად მიხვდებით, როგორ გრძნობს თავს მოზარდი. თუ შეყვარებულთან რაიმე უსიამოვნება აქვს, ეს მის პირად პროფილზე აუცილებლად აისახება. თუ სოციალურ ქსელში თქვენი შვილი პესიმისტურ სტატუსებს წერს და მისი ყოველდღიური ქცევა უკონტროლო ხდება, თუ გრძნობთ, რომ სუიციდის საფრთხე არსებობს ან ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, ბუნებრივია, საკუთარ თავს თავისუფლად მოქმედების უფლება უნდა მისცეთ. მსგავს შემთხვევაში აუცილებლად გაეცანით ბავშვის პირად მიმოწერას, რათა მისი პრობლემების რეალური მიზეზი დაადგინოთ.

ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი და რაციონალური გამოყენება უნდა ასწავლოთ

ადამიანი მანქანის ტარების უფლების მიღებამდე სპეციალურ საფეხურებს გადის. ის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას აბარებს, მის ცოდნას ოფიციალურად აღიარებენ და მართვის მოწმობას მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ. ბავშვებს სოციალური ქსელების რაციონალურ მოხმარებას არავინ ასწავლის. ისინი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას ნაკლებად ახერხებენ, რადგან სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან.

ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინტერნეტის მოხმარების დადებითი ასპექტები ბაღის ასაკიდანვე უნდა გავაცნოთ. ზოგჯერ კარგად ინფორმირებული ბავშვებიც უშვებენ შეცდომებს. მშობელმა შვილის სოციალური ქსელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაამოწმოს, რათა ბავშვის შეცდომა არ გამოეპაროს. ყალბი ანგარიშების შექმნით შვილის ქცევის გაკონტროლება დაუშვებელია. თუ ბავშვს თქვენი ნდობა არ აქვს, შესაძლოა, მან თავად შექმნას ისეთი სოციალური ქსელი, რომელზეც თქვენ წვდომა არ გექნებათ. მთავარია, შვილებთან ახლო ურთიერთობა გქონდეთ, რათა მათ წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროთ. 

მომზადებულია parents.com-ის მიერ
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად