Baby Bag

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

6 მიზეზი, რის გამოც მოსიყვარულე მამები გონიერ შვილებს ზრდიან

6 მიზეზი, რის გამოც მოსიყვარულე მამები გონიერ შვილებს ზრდიან

მამებს, განსაკუთრებით კი მოსიყვარულე მამებს, შვილების ბედნიერების ხარისხზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მამასთან ერთად ცელქობა, ხმამაღლა სიცილი და თამაში ბავშვს არამხოლოდ ბედნიერებას ანიჭებს, არამედ მას გონიერ ადამიანადაც აყალიბებს.

  • მზრუნველი მამების შვილებს მაღალი IQ აქვთ

კონკორდიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად მამები ბავშვის კოგნიტურ და ქცევით განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. კვლევაში მონაწილე ​ბავშვებს, რომლებსაც მზრუნველი და თბილი მამაები ჰყავდათ მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდათ. ამასთან მოსიყვარულე მამების ქალიშვილებს ფსიქოლოგიური და ქცევითი პრობლემები ნაკლებად აღენიშნებოდათ.

  • მოსიყვარულე მამების ქალიშვილები ჭკვიანები და აზარტულები არიან

მამები ქალიშვილების პროფესიულ არჩევანზეც დიდ გავლენას ახდენენ. მოსიყვარულე მამა ქალიშვილს სტიმულს აძლევს, რომ მან მაღალანაზღაურებად სამსახურში დაიწყოს მუშაობა. კვლევებით დგინდება, რომ გოგონები, რომლებსაც მზრუნველი მამები ჰყავთ, თამამად ირჩევენ იმ პროფესიებს, რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ. პროფესიონალი ათლეტი ქალები ხშირად გამოხატავენ მადლიერებას მამებისადმი, რომლებიც მათ მხარდაჭერას უცხადებდნენ და სტიმულს აძლევდნენ.

  • მზრუნველი მამების ვაჟები კრიმინალებისგან დისტანცირებულები არიან

მამები ვაჟიშვილების იდენტობის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებენ. კვლევებით დგინდება, რომ ​უმამოდ გაზრდილ ბიჭებს კრიმინალებად ჩამოყალიბების 3-ჯერ მეტი რისკი აქვთ.

  • მოსიყვარულე მამების შვილებს არაჯანსაღი მიჯაჭვულობის პრობლემა ნაკლებად აწუხებთ

ნარკოდამოკიდებული ადამიანების დიდი ნაწილი უმამო ოჯახში იზრდება, რაც კვლევებითაც დასტურდება. მზრუნველი მამები შვილებს არაჯანსაღი დამოკიდებულებების პრობლემებისგან იცავენ.

  • მზრუნველი მამების შვილებს მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ

​მამასთან ერთად ცელქობა ბავშვისთვის უდიდესი სარგებლის მომტანია. სიცილი, ჟრიამული და ხმაური ბავშვს ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარება. მამასთან ერთად მხიარულება და გართობა, რომელსაც რეგულარული ხასიათი აქვს, ბავშვს ემოციების რეგულაციასა და კონტროლში ეხმარება.

  • მოსიყვარულე მამების შვილებს მაღალი თვითშეფასება აქვთ

თავდაჯერებული მამები, რომლებიც შვილებზე ზრუნავენ, მათ კეთილდღეობაზე დადებითად ზემოქმედებენ. ბავშვები, რომლებსაც მამებთან თბილი დამოკიდებულება აქვთ, თავდაჯერებულ ადამიანებად ყალიბდებიან. მოსიყვარულე და მზრუნველი მამა კეთილი მეგობრის როლს ასრულებს, რომელიც შვილებს სწორ მიმართულებას უჩვენებს და მათ დასახმარებლად ყოველთვის მზად არის.

მომზადებულია ​brightside.me- ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად