Baby Bag

2019 წლის ზაფხულის პროგნოზი ცნობილია

2019 წლის ზაფხულის პროგნოზი ცნობილია

სინოპტიკოსების პროგნოზით, წელს ​ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექის რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლების ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. 

„აღნიშულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22; მთაში +18, +20; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +23; მთაში +17, 19; მაღალ მთაში +14, +15 გრადუსს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალმთაში 250-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მმ, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 200-300 მმ-ს შეადგენს,“ - 
აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-21) მომზადებული, 2019 წლების ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად