„ტრაგედია, რომელიც გვტკივა და არასდროს დაგვავიწყდება...
ჩვენ, სოფი ნიკოლეიშვილის თანაკლასელები, დღეს ვიღებთ სამძიმარს, რადგან ეს საშინელი ტკივილი ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, რომლებიც ჩვენ გვისამძიმრებენ უმცროსკლასელებს და ზოგადად მოსწავლეებს, რომლებმაც ჩაშალეს ყველა სახის საგაზაფხულო ღონისძიება... მწუხარება უსაზღვროა. ვფიქრობთ, სიტყვებსაც არ აქვთ იმხელა ძალა, რომ ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ... ფაქტობრივად, ჩვენც ოჯახის წევრები ვართ.
დიდ ტრაგედიას ათასი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გვესმის უამრავი ჭორი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ველოდებოდით გამოძიების დასრულებას და ამიტომ არ ვაკეთებდით კომენტარებს. საგულისხმოა, რომ თვითმხილველები ვართ და ბუნებრივია, რეალობა ჩვენგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ. სიმძაფრის გამო (თუმცა, ამბავი ისედაც მძაფრია!) მედია ჭრის კადრებს და არ აწვდის საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რომელიც უნდა იტევდეს სიმართლეს. ამიტომ ჩავთვალეთ აუცილებლად ყველა დაინტერესებულ პირს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, როგორ დატრიალდა ეს ტრაგედია ჩვენს თვალწინ... (კიდევ ვიმეორებთ, ეს ჩვენი დიდი ტკივილია!).
ექსკურსიამდე ათი დღით ადრე კლასმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ლაგოდეხის ნაკრძალში,გურგენიანის ჩანჩქერის სანახავად.ხშირად ვამოწმებდით ამინდის პროგნოზს, 26 მაისს (არ წვიმდა), დილით 7 საათზე შევიკრიბეთ სკოლასთან, მოსწავლეები, სამი მასწავლებელი, სკოლის ექიმი. სოფი არ მოსულა, ეგონა, რომ 8 საათზე ვიკრიბებოდით, დაგვირეკა, გადაამოწმა და დედამისი და სოფი დაგვხვდნენ ისთფოინთთან. სოფი შემოგვიერთდა და გზა განვაგრძეთ.( ერთად გატარებული ბოლო ბედნიერი წუთები მგზავრობისას არასდროს დაგვავიწყდება!)
11 საათზე ვიყავით ლაგოდეხის ნაკრძალთან. არავინ დაგვხვედრია, არც ამკრძალავი ნიშანი შეგვხვედრია, ვნახეთ ,რომ ტურისტებიც იმ გზით მიდიოდნენ და ჩვენც გავუყევით გზას. როცა გავიარეთ დაახლოებით 100 მეტრი, უცებ, მოსწავლეებმა ვიფიქრეთ, რომ ამხელა სავალზე მოგვშივდებოდა და ამიტომ ლანჩის ასაღებად ავტობუსისაკენ ორი მოსწავლე მიტრიალდა,სპორტის მასწავლებელიც უკან გამოგვყვა. დანარჩენებმა ნელა გავაგრძელეთ გზა.დავინახეთ ხანშიშესული კაცი ( რეინჯერი), რომელსაც ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევია,არაფერი უკითხავს, არაფერი ურჩევია.შემდეგ შევხვდით ჩვენ ,რომლებსაც ლანჩი მოგვქონდა, ჩვენთან ერთად მყოფმა სპორტის მასწავლებელმა გააჩერა ( თვითონ არ გაჩერებულა!) და ჰკითხა, უსაფრთხო იყო თუ არა ჩანჩქერზე ასვლა, რადგან ვიცოდით, რომ ორი კვირის წინ იყო წყალდიდობა კახეთში და საშიშროებას ხომ არ წარმოადგენდა იქ ასვლა.მისგან მივიღეთ პასუხი, რომ წყალდიდობამ გააფუჭა გზები, გვირჩია სხვა გზით წავსულიყავით, იქ არანაირი საშიშროება არ გველოდა.ჩვენ დავეწიეთ ჯგუფს, ვუთხარით რეინჯერის ნათქვამი და ყველამ ერთად გავაგრძელეთ გზა. ყველა ერთი ტემპით ვერ მივდიოდით, ამიტომ დავიყავით რამდენიმე ჯგუფად. სამივე ჯგუფს ჰყავდა თითო მასწავლებელი ხელმძღვანელი.სოფიმ გზის დიდი ნაწილი გაიარა მესამე ჯგუფთან , თუმცა, იმის გამო რომ ძალიან უნდოდა ჩანჩქერზე ასვლა, დაწინაურდა და მეორე ჯგუფისკენ გაეშურა. ავედით...ნაწილმა ფოტოები გადავიღეთ, სპორტის მასწავლებელთან ერთად,რომელიც პირველ ჯგუფს ხელმძღვანელობდა შევედით წყალში და გავგრილდით( იქვე ბანაობდნენ ტურისტებიც და ადგილობრივებიც, სახიფათო არაფერი ჩანდა!). ამის შემდეგ ავედით დიდ ლოდზე, დავსხედით და ველოდებოდით დანარჩენ ჯგუფებს. ჩვენ ვხედავთ როგორ მოდის ჯგუფი და მოჰყვებათ უკან სოფი, რომელიც ჩვენამდე არ მოსულა.სადაც ვისხედით იქიდან ჩანდა(დაახლოებით, 30 მეტრში), როგორ მოიხსნა ჩანთა, შევიდა მუხლებამდე წყალში( ამ დროს წყალში არავინ იყო). დაახლოებით ხუთ წამში მოხდა ყველაფერი. დაწვა მუცელზე, ორჯერ ხელი მოიქნია, ისეთი სიღრმის წყალში, რომ ხელით ქვებსაც კი ეხებოდა.წამებში სახით ჩვენკენ შემოტრიალდა,გვიყურებდა, გვიცინოდა. ვერ აანალიზებდა, რომ დინებას სამმეტრიან ჩანჩქერისკენ მიჰყავდა,წამიერად ხელი მოჰკიდა ლოდს, თუმცა თავი ვერ გაიმაგრა და წყლის დიდმა ნაკადმა მორევში ჩაითრია.ტურისტებმა დაინახეს, რომ დინებას არსად წაუყვანია. სავარაუდოდ, ქვის ქვეშ უნდა ჩაეთრია მორევს, ამიტომ ტურისტებს გამოვართვით თოკი, სპორტის მასწავლებელმა მოიბა წამებში და შევარდა მორევში. მასაც ითრევდა წყალი შიგნით, უკან გამოვიყვანეთ თოკით. შემდეგ ეს თოკი მოიბეს ადგილობრივმა ბიჭებმა და შევიდნენ , თუმცა ამაოდ.საუბედუროდ, ამხელა გზაზე არცერთი რეინჯერის პოსტი არ იყო, არც SOS-ის ყუთი და იმის გამო რომ მობილური არ იჭერდა , ოთხნი გავიქეცით ავტობუსისაკენ და გზაში დავუკავშირდით 112-ს.ტრაგედია დატრიალდა 14:50 სთ-ზე, დავრეკეთ 15:30სთ-ზე, სამაშველო მოვიდა 17:35სთ-ზე.ამის შემდეგ სამაშველომ იგივე მოიმოქმედა, რაც ჩვენ, მაგრამ ამაოდ.მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სადაც სოფი ჩავარდა,იყო 4 მ. სიღრმის თხრილი. ასევე მათგან გავიგეთ, რომ მაგ ადგილას სხვა წლებშიც დაღუპულან ადამიანები, თუმცა ასეთი უბედური შემთხვევები ისევ გრძელდება.
სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უბედურებას, რაც იქ ხდებოდა. ფაქტობრივად, დამრიგებელი უგონო მდგომარეობაში იყო და გადაიყვანეს საავადმყოფოში.მოსწავლეები კი ექიმთან და ორ მასწავლებელთან ერთად წაგვიყვანეს საპატრულო განყოფილებაში.
სოფი! შენ ჩვენი გულის უდიდესი ნაწილი წაიღე...ეს უბედური შემთხვევა ჩვენთვის სამარადისო ტკივილია...“ - ნათქვამია მოსწავლეების მიერ გავრცელებულ წერილში.