Baby Bag

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ - ,,ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია"

​როგორ ვუხსნით ბავშვს გადაწყვეტილებას, რომ მშობლები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, როგორ ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას და როგორ ვცდილობთ, ავუხსნათ ის რთული საკითხი, რასაც განქორწინება ჰქვია - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე საუბრობს.

,,განქორწინება რთული საკითხია და კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გიწევს ამის შესახებ ბავშვთან საუბარი. მაგრამ მაგრამ არსებობს რამდენიმე ფრაზა, რომლითაც უნდა დაიწყო ბავშვთან საუბარი და რაც მას ბევრად შეუმსუბუქებს იმ რეალობას, რომლის წინაშეც ის დგას. ფაქტია, ოჯახი იყოფა და ფაქტია, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ, მაგრამ ის დასკვნები, რომლებიც ბავშვებს გამოაქვთ, ბევრად უფრო დრამატული და ტრაგიკულია, ვიდრე - რეალობა. 

პირველ ყოვლისა, ჩემი რჩევა იქნება, რომ პარტნიორებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და შეარჩიონ ისეთი მომენტი ბავშვთან სასაუბროდ, როდესაც ორივე იქნება დამშვიდებული. აუცილებელია, ორივე მშობელი გაესაუბროს ბავშვს და ორივე მათგანმა ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდოს მას - ჩვენ გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. სასურველია, ეს მოხდეს ისეთ გარემოში და ისეთ დროს, როდესაც სხვა აქტივობა არ არის დაგეგმილი და იქნება საკმაო დრო გამოყოფილი იმისთვის, რომ საუბარი შედგეს მშვიდად და იყოს დრო, რათა ბავშვმა ეს ყველაფერი აღიქვას. 

ხშირად ხდება, რომ როდესაც წყვილი იწყებს ბავშვთან განქორწინების შესახებ საუბარს, ერთ-ერთი მშობელი ბევრად უფრო ემოციურია - შეიძლება, იტიროს, იჩხუბოს, ინერვიულოს, ასეთ დროს მეორე მშობელს მართებს, იყოს სიტუაციის გადამრჩენი. თუკი ერთი მშობელი ვერ ახერხებს, მეორემ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. 

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც უნდა გაჟღერდეს ბავშვთან კომუნიკაციის დროს. პირველი ფრაზა არის, უთხრათ ბავშვს, რომ ეს არის ორივეს ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უთხარით ბავშვს, რომ ეს არის უფროსების გადაწყვეტილება და ის არანაირ კავშირში არ არის მასთან. აუხსენით, რას ნიშნავს დაშორება, რადგან ბავშვებს ხშირად არასწორი დასკვნები გამოაქვთ - მათ მიაჩნიათ, რომ რომელიმე მშობელი ტოვებს. თუკი არსებობს ბინა, რომელშიც რომელიმე მშობელი გადადის, სასურველია, ბავშვმა ნახოს ის და ჩაერთოს პროცესში. გაუმახვილეთ ბავშვებს ყურადღება იმაზე, რომ მშობლების დაშორება არ ნიშნავს, რომ მათი ოჯახი აღარ არსებობს. განუმარტეთ, რომ ის რუტინული საქმეები, რომლებსაც მასთან ერთად ასრულებდით, ყველაფერი მის ცხოვრებაში დარჩება და ერთობლივად განახორციელებთ. თუმცა, გაამახვილეთ ყურადღება, თუ რა შეიცვლება - თუკი აქამდე მამას მიჰყავდა სკოლაში და გარკვეული დღეების მანძილზე ეს ასე ვეღარ იქნება, აუხსენით, რადგან გაურკვევლობას ბავშვი საკუთარი ფანტაზიით შეავსებს, ბევრად უფრო დრამატულად. 

მნიშვნელოვანია, იყოთ მზად, რომ სხვადასხვა ბავშვს ამ საკითხზე აქვს განსხვავებული რეაქცია. თქვენ უნდა იყოთ მზად, ბავშვს აუხსნათ, რომ ეს პროცესი არის მტკივნეული, ნუ დახუჭავთ თვალს და ნუ შეამსუბუქებთ ამ პროცესს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ შეუქმენით მას იმის მოლოდინი, რომ ამას ყველაფერს ერთად გადალახავთ. ბავშვები არ ზიანდებიან იმიტომ, რომ მშობლები უნდა განქორწინდნენ, ისინი ზიანდებიან იმიტომ, რომ მათთან არ აქვთ სწორი კომუნიკაცია. ბავშვთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია", - განმარტავს ელენე ჯაფარიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია,“ - ნანა ჩაჩუა

„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია,“ - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლის ბავშვთან ურთიერთობისა და სწორი აღზრდის საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელს შვილის გრძნობის ამოცნობა უნდა შეეძლოს:

„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია. ბავშვი რომ წარბს აწევს და შენ, მშობელი თუ მიხვდები, რა უნდა გააკეთო, ეს უკეთესია. ეს ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ბავშვის გრძნობა ამოიცნო. ​წლის და რვა თვის ასაკამდე ყოველთვის შენ უნდა ამოიცნო ბავშვის გრძნობა.“

ნანა ჩაჩუას თქმით, მშობელი, რომელსაც არ ესმის შვილის, ვერ იქნება ბავშვისთვის ავტორიტეტი:

„ბავშვი ტირის, დაეცა, ეტკინა რამე. ​თუ ეუბნები: „გაიზრდები და დაგავიწყდება,“ ე.ი. არ გესმის მისი და ვერასდროს იქნები ის ავტორიტეტი, რაც უნდა იყო. თუ მიხვდი, რომ ბავშვს ეტკინა, დაცემულთან დაიხრები, ფიზიკურადაც მის დონეზე ეცდები ყოფნას და ეტყვი: „გეტკინა ხომ?“ აი, შენი ავტორიტეტი!შენ მისი განცდა ამოიცანი.“

„ზოგჯერ დედები იმდენად სცოდავენ, ღამის ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა დედები, რომლებიც ძირითადად არიან ინტერნეტში. დედობის ინსტინქტი ვერ ძლევს ამ ცდუნებას, რადგან ინტერნეტდამოკიდებულებაც ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა. ​ნუ ვეტყვით საკუთარ თავს საკუთარ ბედნიერებაზე უარს, ამას ნუ ჩავახშობთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „დილა მაესტროზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მაესტროზე“

წაიკითხეთ სრულად