Baby Bag

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით? 

პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.

თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.

ავტორი: მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გავლენას ახდენს ორსულსა და ნაყოფზე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება? - თამარ ედიბერიძის პასუხი

რა გავლენას ახდენს ორსულსა და ნაყოფზე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება? - თამარ ედიბერიძის პასუხი

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ორსული ქალების მიერ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია:

„მნიშვნელოვანია დავიცვათ რეჟიმი. ორსულის ექსპოზიცია მსგავსი ტიპის მოწყობილობებთან უნდა იყოს დოზირებული, ლიმიტირებული და ორგანიზებული. ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომელიც არაორსულის შემთხვევაში არის არააქტუალური, ორსულის შემთხვევაშიც რჩება. ხანგრძლივად, უწყვეტ რეჟიმში ერთი და იგივე საქმიანობის განხორციელება, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებს უკავშირდება, ეს არის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა, მხედველობაზე განსხვავებული დატვირთვა, ნერვულ სისტემაზე განსხვავებული დატვირთვა. ელექტრონული მოწყობილობა ბლოკავს სხეულიდან სხვადასხვა სიმპტომისა და ჩივილის შეგრძნებას. ჩვენ უფრო გვიან მივხვდებით, რომ გვეტკინა წელი, უფრო გვიან ვიგრძნობთ, რომ ხელი დაგვეღალა, თვალი დაგვეღალა. ამ დროს უფრო ნაკლებად ვახამხამებთ თვალებს. ეს ყველაფერი არის სტრესის მაღალი დონე და ეს ორსულს არაფერში არ სჭირდება.

ის, რაც მაღალი სტრესისა და მაღალი შფოთვის დონისთვის არის დამახასიათებელი, ამის მიმართ ორსული ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც არაორსული. ნაყოფი ზოგადად მეტად მგრძნობიარეა სტრესული ფაქტორების მიმართ. ორსული ქალბატონისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რეჟიმი, ვიდრე არაორსულობის შემთხვევაში. ჩვენ ამ დროს პასუხისმგებელი აღარ ვართ მხოლოდ საკუთარ სხეულზე, პასუხისმგებლობა გვაქვს ნაყოფის წინაშე,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად