Baby Bag

„უკრაინასთან რუსეთის დამარცხება საქართველოს გამარჯვებასაც ნიშნავს!“ - ინტერვიუ „ბათუმელების“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან

„უკრაინასთან რუსეთის დამარცხება საქართველოს გამარჯვებასაც ნიშნავს!“ - ინტერვიუ „ბათუმელების“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან

მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ამოქმედდა ახალი პროექტი სახელწოდებით „რეპორტიორ ქალთა აკადემია“, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას კრიზისის, კონფლიქტებისა და მიგრაციის თემების გაშუქებისას.

პირველი ღონისძიება პროგრამაში იყო ონლაინ შეხვედრები წამყვან საერთაშორისო ჟურნალისტ/ექსპერტებთან დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში აკადემიის გუნდი წარმატებით თანამშრომლობდა გენდერ-მედია-კავკასიის ჟურნალისტთა ასოციაციისა და გერმანიის კოლეგების პარტნიორობის ფარგლებში.

„ჟურნალისტ ქალთა აკადემიის“ დამფუძნებელთა მიერ მიმდინარე წლის ივნის-ივლისში გამართულ კომპლექსურ სამუშაო შეხვედრა-სემინარებზე ჟურნალისტები მრავალი გამოწვევის წინაშე დავდექით, ერთ-ერთი მათგანი და განსაკუთრებით მგრძნობიარე კი რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გაშუქება აღმოჩნდა.

C:\Users\T.CH\Desktop\357406272_6443204519128639_9046262330780031915_n.jpg

პიტერ დუ ტოიმ, რომელიც გახლავთკონფლიქტისადმი მგრძნობიარე ჟურნალისტიკის პროექტის (CCSR) დირექტორი როდოსის უნივერსიტეტში და რომელიც იყო „ჟურნალისტ ქალთა აკადემიის“ ვებინარების ერთ-ერთი სპიკერი, მოგვიწოდა ჟურნალისტებს, რომ გამუდმებით გავიაზროთ საკუთარი ნამუშევარი და რომ ომების გამშუქებელმა ჟურნალისტმა მინიმუმ უნდა იცოდეს კონფლიქტების ანა-ბანა, იმიტომ, რომ ყველა კონფლიქტს მოყვება ახალი ამბავი, რომელიც ქმნის ნიუსს, ნიუსი კი ყველაზე მეტად აინტერესებს ადამიანს, ამიტომ უნდა იყოს მართალი და ობიექტური...

C:\Users\T.CH\Desktop\357429493_6443204125795345_3657822928950038733_n.jpg

ომის პირობებში მედიას ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქცია აქვს, თუმცა ძალიან ხშირად, და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მედიის წარმომადგენლები ივიწყებენ ამას. სამწუხაროდ, დიდი ხანია არსებობს „ომის ჟურნალისტიკა“, რომელსაც ნორვეგიელი კონფლიქტოლოგი, სოციოლოგი იოჰან გალტუნგი ასე აღწერს: „ომის ჟურნალისტიკა, რომელშიც იგულისხმებიან ის ჟურნალისტები, რომელნიც მიმდინარე ომებს აშუქებენ, წააგავს სპორტულ ჟურნალისტიკას, სადაც ფოკუსირება ხდება გამარჯვებაზე, როგორც ერთადერთ შესაძლო გზაზე - თამაში ხომ ისაა, სადაც ერთი მხარე აუცილებლად იმარჯვებს და მეორე მხარე აუცილებლად მარცხდება.“

იგივე გალტუნგი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი სამშვიდობო ჟურნალისტიკა დაემსგავსება ჯანმრთელობის თემაზე მომუშავე ჟურნალისტიკას, ისაუბრებს ამ დაავადების მიზეზებზე და მოძებნის განკურნების გზებს, მის სასიცოცხლო არსს, გენეტიკურ საფუძვლებს...

ვინ იცის, გავხდებით თუ არა ოდესმე მსგავსი რეპორტიორები, მაგრამ იმის გასაგებად, თუ რა ხდება დღეს ამ მხრივ რეგიონულ ჟურნალისტიკაში, ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა „ბათუმელების“ გვერდის მიმოხილვა. რედაქცია ომის დაწყების დღიდან ყოველდღიურ ფორმატში აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომს.

C:\Users\T.CH\Desktop\94841033_3229647253726798_2808268317859512320_n.jpg

რომელი ამბით დაიწყო და რა ინტენსივობით ამზადებს მასალებს, რას ფიქრობს იგი ქართული მედიისა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე გვპასუხობს:

- ჯაბა, გემადლიერებით თქვენი გულისხმიერებისთვის და სპეციალურად „რეპორტიორ ქალთა აკადემიისთვის“ მოცემული ინტერვიუსთვის... გარკვეული დოზით აშუქებდე რუსეთის შეჭრას უკრაინაში, არ არის მარტივი, ყველა ჟურნალისტს არ შეუძლია მონახოს თავისი ნიშა ომზე წერისას, ასევე მის გაშუქებაში. თქვენ რომელი ამბით დაიწყეთ და რა ინტენსივობით ამზადებთ მასალებს რუსეთ-უკრაინის ომზე?

„რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ - ინტერვიუ გენერალთან - ამ სათაურით გამოვაქვეყნეთ „ბათუმელებმა“ პირველი ინტერვიუ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე დღეს. მას შემდეგ „ბათუმელები“ ყოველ პარასკევს წერს ანალიტიკურ ინტერვიუს გადამდგარ გენერალთან.

ჩვენი მიზანია, მკითხველს მივაწოდოთ რაც შეიძლება მრავალმხრივი ინფორმაცია ომის შესახებ: ორივე მხარის სამხედრო შესაძლებლობებზე, რა იცვლება ფრონტის ხაზზე, რა ტაქტიკით და სტრატეგიით მოქმედებენ მხარეები და ასე შემდეგ. გადამდგარი გენერალი, რომელიც საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო, ყოველი საუბრისას დეტალურად აანალიზებს ბოლო სიახლეებს.

გადამდგარი გენერლის ბატონი ვახტანგის შეფასებების მიმართ ვგრძნობ, რომ არსებობს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ის სამხედრო საქმის ექსპერტია და მისი დაკვირვების თუ ხედვების გაზიარება მნიშვნელოვანია მკითხველისთვის. ეს ინტერესი ჩანს მუდმივად სოციალურ ქსელში, მათ შორის, კომენტარებში.

ომის დაწყების პირველ დღეებში და ახლაც ჩემთვის, როგორც ერთი ჟურნალისტისთვის, მუდმივად საგრძნობია საზოგადოების სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღქმა, რომ ეს საქართველოს ომიც არის, რადგან ჩვენი მტერი საერთოა _ რუსეთის დამარცხება კი, საქართველოს გამარჯვებასაც ნიშნავს!..

ეს განწყობა და მოქალაქეების მოთხოვნა, რომ ქვეყანამ აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, განსაკუთრებით საგრძნობი გახადა ჩემთვის ქუჩის გამოკითხვებმა - ომის დაწყების შემდეგ „ბათუმელები“ პერიოდულად ეცნობა მოქალაქეების შეფასებებს, როგორც ბათუმში, ისე მის დაქვემდებარებულ სოფლებში.

„ბათუმელები“ სხვადასხვა ფორმით აშუქებს რუსეთ-უკრაინის ომს: რეპორტაჟები და ანალიტიკური სტატიები, ნიუსები ფრონტის ხაზიდან, ინტერვიუები ანალიტიკოსებთან, ინტერვიუები უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებთან, სტატიები უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებთან, ბათუმში მცხოვრებ და უკვე დასაქმებულ უკრაინელ ქალებთან, ბავშვებთან, ოჯახებთან...

თუმცა, ჩვენი განსაკუთრებული აქცენტია ასევე მუშაობა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ამიტომაც პერიოდულად ვამზადებთ მასალებს, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდა, მოახდინოს გავლენა საზოგადოებაზე და შექმნას სათავისო განწყობები. ვწერთ ბოლო დროს გააქტიურებულ სახელისუფლებო გზავნილზეც: „აბა, ომი გინდათ?“, რაც ანალიტიკოსებში აჩენს მოსაზრებას, რომ კრემლის პროპაგანადისტულ გზავნილებზე უკვე ხელისუფლებაც მუშაობს.

ასევე ვცდილობთ, ავსახოთ ის ტენდენციები, რაც ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა და საქართველოს შემთხვევაში რუსულ ორბიტასთან დაახლოვებას უწყობს ხელს: მაგალითად, რუსულენოვანი ბარები, რომლებსაც რუსეთიდან წამოსული ადამიანები ხსნიან საქართველოში, მათ შორის, ბათუმში.

C:\Users\T.CH\Desktop\hqdefault.jpg

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ომი? რამდენად რთულია მისი გაშუქება ადამიანური თვალსაზრისით და როგორია თქვენი, როგორც რეპორტიორის აზრი/შეფასება სხვა მედიასაშუალებების რეპორტიორთა მიმართ - არის თუ არა ქართული მედია ერთპიროვნული ამ ომთან მიმართებით?

- რა თქმა უნდა, მძიმეა ომგამოვლილი და ომში მყოფი ადამიანების ისტორიების გაშუქება, პრობლემების გაანალიზება, ან შეხვედრა უკრაინიდან დევნილ ადამიანებთან საქართველოში, მათთვის ტრავმების გახსენება... თუმცა ჩვენი მუშაობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც განიცდიან უკრაინაში მცხოვრები ადამიანები, ასევე ჟურნალისტები, რომლებიც „ცხელ წერტილებში“ მუშაობენ.

მედიის მუშაობაზე მეტნაკლებად აისახება საზოგადოების მკაფიო დაკვეთა: საქართველომ დაიცვას სახელმწიფოებრივი ინტერესები და შესაბამისად, მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუმცა მედიასაშუალებების ნაწილი, ჩემი აზრით, ცდილობს გაავრცელოს, ან ხელი შეუწყოს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს, მაგალითად, იგივე ამ გზავნილის გააქტიურებას „აბა, ომი გინდათ?“ ან ომის საფრთხე დამაჯერებელი გახადოს.

მედიის ნაწილი იზიარებს და მუშაობს სახელისუფლებო რიტორიკის მხარდამჭერად, რომ დაშორდეს საქართველო არათუ უკრაინას, არამედ დასავლეთს და რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს რუსეთს.

- ჯაბა, თქვენ ალბათ, გაგიშუქებიათ საქართველოში არ ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ომი, წერდით რუსულ აგრესიაზე, ქართული ჯარის ძალებსა და შესაძლებლობებზე ან პირიქით, წერდით ომებში ჩართულ და დაზარალებულ ადამიანთა ხვედრზე... რა შეგრძნებაა, იყოთ ომის თემის რეპორტიორი და რამდენად რთულია ემოციის კონტროლი, როცა აშუქებთ ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის რომელიმე ეპიზოდს?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აგვისტოს ომს არ ვაშუქებდი, მაგ დროს „ბათუმელებში“ არ ვმუშაობდი, ცენტრალური მედიის ჟურნალისტი ვიყავი ბათუმში და ასე პირდაპირი კავშირი არ მქონია საქართველოში მიმდინარე საშინელ ომთან... ომის სპეციალური რეპორტიორი არც მაშინ ვიყავი და არც ახლა არ ვარ... რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ მუშაობს ქართული მედია დღეს ომების გაშუქებისას, უფრო ექსპერტების შესაფასებელია და მე მხოლოდ მოკლე შეფასება გაგიზიარეთ.

C:\Users\T.CH\Desktop\342798673_784309502907825_298479805487069762_n.jpg

- ადამიანური ისტორიები განსაკუთრებით უყვარს მკითხველს, მაყურებელს... ხომ ვერ გვიამბობთ უკრაინელი ქალებისა და ბავშვების საქართველოში, ბათუმში ცხოვრებაზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე.

- მე ნაკლებად მაქვს მაგ კუთხით მომზადებული სტატიები უკრაინელებთან, რადგან დიდმა ნაწილმა არ იცის ინგლისური, მე კი რუსული არ ვიცი... თუმცა გამიშუქებია, მაგალითად, უკრაინელებისთვის როგორ აგროვებს ბათუმელი ხალხი აქტიურად სხვადასხვა პროდუქტს, საკვებს, ტანსაცმელს, სამედიცინო პრეპარატებს, ჰიგიენურ ნივთებს...

ბათუმში ასევე „ლალი ანთიძის საკვირაო სკოლამ“ უფასოდ დაუთმო სივრცე უკრაინელ ქალებს არტ თერაპიისთვის... ვესაუბრეთ ქალს უკრაინიდან, რომელიც არტ თერაპიის სპეციალისტია და ბათუმში ატარებდა გაკვეთილებს. არტ თერაპიის ამ ჯგუფშიც აღნიშნავდნენ აქაური საზოგადოებისგან მეგობრულ დამოკიდებულებას. ჩვენი რესპოდენტი იხსენებდა, რომ თავდაპირველად, როდესაც ტაქსიში ჩაჯდა და რუსულად ესაუბრებოდა თავის მეგობარს, ტაქსის ქართველი მძღოლი გაბრაზებულა. მერე ვუთხარით, რომ ჩვენ უკრაინიდან ვიყავით და გაგვიღიმაო...

პერიოდულად ვწერ ასევე ინტერვიუებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან: რა სახის ოპერაციებში არიან ისინი ჩართული, რა იყო მათი მოტივაცია, როცა უკრაინაში წავიდნენ და ასე შემდეგ...

ამ ინტერვიუებზე რეაქცია და მკითხველის კომენტარები კარგად აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ - სამხედროებიც ხშირად ამას იმეორებენ: ეს საქართველოს ომიცაა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!

C:\Users\T.CH\Desktop\356946313_953329045928885_2717609751440099545_n.jpg

პ.ს.

ასეთია რეგიონალური მედიის ერთი კონკრეტული ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მუშაობის სტილი, პრინციპი, დამოკიდებულება საქმისა და ადამიანებისადმი, რუსეთ-უკრაინის ომისადმი... მეც უამრავი ჩემი კოლეგისა თუ ქართველის მსგავსად ვიზიარებ ჯაბას მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ომიცაა და რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!

მსოფლიომ უნდა გამოიფხიზლოს და დაასრულოს პუტინის რეჟიმი, დაასრულოს უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ფიზიკური და ემოციური განადგურება, დედებისა და შვილების ამოუწურავი ტრაგედია - ყოველი მსხვერპლი ხომ სამყაროს გავლენების გადანაწილებას ეწირება ამაოდ...

გურანდა ცაგურია,

2023 წელი, აგვისტო

იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში