Baby Bag

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

8 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ რენში, რენის ბიზნესის სკოლის ბაზაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა, რაც საქართველოში პირველი პრეცედენტია. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და რენის ბიზნესის სკოლას შორის, რომელიც ფლობს ე.წ. სამმაგ საერთაშორისო აკრედიტაციას (Triple Crown) – AACSB, EQUIS-სა და AMBA-ს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას მხარეებს შორის - სწავლების, კვლევისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიმართულებით.

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ევროპულ საგანამანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო აქტივობის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ასევე, მხარეებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი საგნამანათლებლო ცენტრია, რომელიც უზრუნველყოფს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სასწავლო გარემოში სწავლა-სწავლების და კვლევის გამოცდილების მიღებას.

თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • შეიქმნება ერთობლივი კვლევითი ცენტრი;
  • შემუშავდება ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (DBA);
  • განვითარდება ორმაგი ხარისხის პროგრამები;
  • განისაზღვრება პროფესორ-მასწავლებელთა თანააფილირების პოლიტიკა;
  • განხორციელდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები;
  • შემუშავდება ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამები და პროექტები.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და რენის ბიზნესის სკოლის გენერალურმა დირექტორმა და დეკანმა, თომას ფროლიშერმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება

​„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.

ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.


წაიკითხეთ სრულად