Baby Bag

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

8 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ რენში, რენის ბიზნესის სკოლის ბაზაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა, რაც საქართველოში პირველი პრეცედენტია. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და რენის ბიზნესის სკოლას შორის, რომელიც ფლობს ე.წ. სამმაგ საერთაშორისო აკრედიტაციას (Triple Crown) – AACSB, EQUIS-სა და AMBA-ს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას მხარეებს შორის - სწავლების, კვლევისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიმართულებით.

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ევროპულ საგანამანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო აქტივობის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ასევე, მხარეებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი საგნამანათლებლო ცენტრია, რომელიც უზრუნველყოფს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სასწავლო გარემოში სწავლა-სწავლების და კვლევის გამოცდილების მიღებას.

თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • შეიქმნება ერთობლივი კვლევითი ცენტრი;
  • შემუშავდება ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (DBA);
  • განვითარდება ორმაგი ხარისხის პროგრამები;
  • განისაზღვრება პროფესორ-მასწავლებელთა თანააფილირების პოლიტიკა;
  • განხორციელდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები;
  • შემუშავდება ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამები და პროექტები.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და რენის ბიზნესის სკოლის გენერალურმა დირექტორმა და დეკანმა, თომას ფროლიშერმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი ნოემბრიდან განათლების სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას

1-ლი ნოემბრიდან განათლების სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას

რეფორმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წელს გრძელდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, ეს არის სწავლა სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება და სასკოლო კულტურის განვითარება.

რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დანერგვის პროცესში სასკოლო საზოგადოების დასახმარებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობა ახალი ტიპის რესურსზე დაიწყო. აღნიშნული რესურსი გულისხმობს ვიდეოგზამკვლევების მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე. ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებმა უნდა შეძლონ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვა. ვიდეოგზამკვლევების იქმნება ყველა საგანში და მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურის ყველა კლასს. (გზამკვლევებზე წვდომის მისაღებად, გამოიყენეთ აღნიშნული ბმული: https://www.youtube.com) სამინისტრო უკუკავშირს ელოდება სკოლებიდან, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი თემების მომზადებისას. info.nsm@mes.gov.ge

დრაივის ონლაინ საქაღალდე საგნობრივი მიმართულებით: https://emis188-my.sharepoint.com/

იმისათვის, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულად და სასკოლო საზოგადოების წევრებზე ორიენტირებულად წარიმართოს, ყველა სკოლასთან მიმაგრებულიები არიან ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორები, რომლებიც დანერგვის პროცესში სკოლის საჭიროებებს იკვლევენ და აცნობენ სამინისტროს. (ეფექტური კომუნიკაციისთვის ყველა რაიონში კოორდინატორების მიერ შექმნილია თიმსისა და ფეისბუქის სამუშაო ჯგუფები, მათი დახმარებით სკოლებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და გამოკვეთონ საჭიროებები, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ესგ-ს დანერგვის პროცესში).

წაიკითხეთ სრულად