Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს არ ჩატარდება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს არ ჩატარდება

ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2020 წლის 06 და 07 მარტს არ ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განახლებული ინფორმაცია ვებ გვერდზე directors.mes.gov.ge-ზე განთავსდება 20 მარტისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა

წაიკითხეთ სრულად