Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ

ჯანმრთელობის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ ,,დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა პირბადის გარეშე შეძლონ. მისი ინფორმაციით, სამუშაო მაგიდებთან იქნება პლასტიკატის ბარიერები, რომელმაც, შეიძლება, უშუალოდ მუშაობის პროცესში პირბადე ჩაანაცვლოს.

,,მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში.

ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

წყარო: ​rustavi2

წაიკითხეთ სრულად