Baby Bag

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება 1-ლ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და 1-ელ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება და თეორია გავრცელდა, თუმცა ჯერ არ არის მეცნიერულად გამყარებული.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი არასპეციფიკურად დაიცვას აღნიშნული დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება იმიტომ არის, რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, პატარებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვითარება საყურადღებოა, თუმცა საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის. ჯერ მონაცემები ცოტაა, ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ დროისათვის ლეტალობა არის 2%-ის ფარგლებში. გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს იყო წინა კორონავირუსების დროს. SARS-CoV-ის დროს ლეტალობა იყო თითქმის 10%, MERS-CoV-ის დროს - 30%-ზე მეტი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ახალი კორონავირუსი ძალიან საყურადღებოა,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად 213 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 შემთხვევა ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

წაიკითხეთ სრულად